Thumbnail

კაჭარავა: მარტო ვარჯიშით ტესტ-მატჩებს სათანადო ფორმაში ვერ შევხვდებით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'არაა გამორიცხული ენისეიში დავბრუნდე, აგვისტოს ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა'
  • ბორჯღალოსანთა რეკორდსმენი საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები “შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ყოველკვირეულ ვარჯიშებს განაგრძობენ და შემოდგომის ტესტ-მატჩებისთვის ემზადებიან, რომლის კალენდარი მსოფლიო რაგბმა 24 ოქტომბრიდან 5 დეკემბრამდე განსაზღვრა.

საქართველოში მყოფმა ლეგიონერებმა და ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეებმა, დაწესებული შეზღუდვების დაცვით, ვარჯიში მაისის ბოლოდან დაიწყეს, შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კი, უკვე კონტაქტურ ვარჯიშებზე გადავიდნენ.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით (122) ბორჯღალოსანთა რეკორდსმენის დავით კაჭარავას კომენტარი გამოქვეყნდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საკლუბო ჩემპიონატების განახლება, რათა მორაგბეები შემოდგომის ტესტებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ:

“პანდემიის პირობებში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაისის ბოლოდან კი ნაკრებმა ვარჯიშები განაახლა და ახლა ამ მხრივ პრობლემა აღარ გვაქვს. უკვე კონტაქტური ვარჯიშებიც დავიწყეთ და ერთადერთი სათამაშო გამოცდილება გვაკლია. მარტო ვარჯიშით ტესტ-მატჩებს სათანადო ფორმაში ვერ შევხვდებით. იმედია, მანამდე საკლუბო ჩემპიონატები განახლდება და ოქტომბრის ბოლოსთვის ყველანაირად მზად ვიქნებით“.

35 წლის მორაგბე 2013 წლიდან რუსეთის ჩემპიონის კრასნოიარსკის ენისეიში თამაშობდა. რუსეთის ჩემპიონატში უკვე ექვსი ტური ჩატარდა, თუმცა ის მიმდინარე სეზონში გუნდის განაცხადში არაა. კაჭარავა ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, აგვისტოს ბოლომდე მიიღებს:

“ენისეი ძალიან კარგი გუნდია და სიამოვნებით გავაგრძელებდი იქ თამაშს, მაგრამ პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, სამშობლოში დაბრუნებაზე ვფიქრობ. თუ საქართველოში დავრჩი, ჯერ არ ვიცი რომელ გუნდში ვითამაშებ, რადგან ჩემპიონატი გაჩერებულია, განახლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ და არც შეთანხმება მაქვს არავისთან. არაა გამორიცხული ენისეიშიც დავბრუნდე. ნებისმიერ შემთხვევაში, აგვისტოს ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა“.

კომენტარები

ბოლო ამბები