Thumbnail

ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძე: ბათუმის სტადიონზე ჰიმნის შესრულება დიდი პატივი იქნება

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ქართველი დრამატული ბარიტონი არგენტინის გულშემატკივარია
  • სანდრო ცნობილაძის ინტერვიუ ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძესთან

30 წელია, რაც  მსოფლიოში ცნობილი ქართველი დრამატული ბარიტონი ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძე ოპერის გარდა, ფეხბურთითაც ცხოვრობს. ბათუმის დინამო და არგენტინის ეროვნული ნაკრები მისი ცხოვრების ნაწილია, დიეგო მარადონა კი - კერპი. ლასკალას თეატრის მუზეუმში გამართული კონცერტის მონაწილის და იტალიური საოპერო მუსიკის უდიდესი კონკურსის გამარჯვებულის ცხოვრებაში ძალიან მალე დაუვიწყარი დღე დადგება - ბათუმის ულტრათანამედროვე სტადიონის გახსნის ცერემონიალზე იგი საქართველოს ეროვნულ ჰიმნს შესრულებს. ჩვენთან ინტერვიუში, სახელგანთქმულმა მომღერალმა ფეხბურთისადმი მის დამოკიდებულებაზე და მცირე დოზით საოპერო ხელოვნებაზეც ისაუბრა.

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

POPSPORT: რამ ჩაუყარა შენი ფეხბურთისადმი სიყვარულს საფუძველი?

ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძე: ფეხბურთისადმი სიყვარული და საგულშემატკივრო გუნდის ამორჩევა ერთმა მომენტმა განაპირობა. დღევანდელი დღესავით მახსოვს: 1990 წელი იყო, აუზიდან გამოვდიოდი და თვალი მოვკარი კადრს, როგორ ტიროდა რომში წაგებული ფინალის შემდეგ დიეგო მარადონა. 7 წლის ვიყავი და ამ ეპიზოდმა ძალიან გული დამწყვიტა. გავიდა 30 წელი და მარადონასადმი, ისევე, როგორც არგენტინის ნაკრებისადმი სიყვარული არ გამნელებია. მარადონა ჩემი კერპია. მეტიც: მიმაჩნია, რომ დიეგო ჩემი სისხლი და ხორცია. ფეხბურთზეც კი მარადონას სიყვარულის გამო შევედი. მისი ხათრით ყველა არგენტინელს ვქომაგობ, სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებსაც კი. შემდეგ იყო 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც არგენტიენელები ფენომენალური ნაკრებით ჩავიდნენ. ლაღი, შემტევი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არა დოპინგ სკანდალი, ამ ტურნირს აუცილებლად მოიგებდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ბატისტუტას ქომაგი გავხდი, მისი ხათრით კი ფიორენტინასიც. იმ დროს ფეხბურთის ყურების ამდენი საშუალება არ არსებობდა. ჩემს მეგობართან ავდიოდი ხოლმე, რომელსაც საკაბელო ტელევიზია ჰქონდა და კვირაობით იტალიის ტურის მიმოხილვაში ფიორენტინას თამაშის ნაწყვეტებს ვუყურებდი. დღეს უკვე მესის ერაა. ლეოს ფაქტობრივად ოჯახის წევრად აღვიქვამ. მისი ყველა პატარა თუ დიდი ტრავმა, ჩემი ტკივილიცაა. ბუნებრივია, რომ გულგრილი არც ბარსელონას მიმართ ვარ. 

წაიკითხე: როგორ შეიქმნა დიეგო მარადონას ფენომენი

POPSPORT: შენი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. ნეაპოლში თუ მოხვედრილხარ და გქონია თუ არა მარადონას ფენომენთან უშუალოდ ნეაპოლიტანელების მეშვეობით შეხება?

ნაკაშიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად

ნაკაშიძე: ნეაპოლის სან-კარლოს თეტრში მქონდა გამოსვლა, რომლის შემდეგაც ტაქსში ჩავჯექი. ყურადღება მომენტალურად იმას მივაქციე, რომ მანქანაში მარადონას სურათები იყო გაკრული. აი, დაახლოებით ისე, ჩვენთან ავტობუსების მძღოლებს ხატები რომ აქვთ ჩამოკიდებული. ტაქსის მძღოლს ვკითხე: ისევ გიყვართ მარადონა? საკმაოდ სწრაფად მიდიოდა და უცებ დაამუხრუჭა. ჩვენი ღმერთიაო მიპასუხა და დიეგოზე ისტორიების მოყოლა დაიწყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ნაპოლიში იგუაინი თამაშობდა, მაგრამ ამ ქალაქში დიეგოსთან პოპულარობით ვერავინ მოვა. ნეაპოლიტანელები ძალიან სხვანაირი ხალხია. როდესაც ჩემი დიეგოსადმი დამოკიდებულებას იგებდნენ, ჩემდამი პატივისცემა და სიყვარული ათმაგდებოდა. ტყუილად არ ამბობენ, რომ 1990 წლის ნახევარფინალში ნახევარი ნეაპოლი არგენტინის ნაკრებს ქომაგობდა.

POPSPORT: იტალიაში ერთი უცნაური ისტორიაც შეგემთხვა...

ნაკაშიძე: ქალაქ პეზაროში, იმ ქალაქში, სადაც ლუჩანო პავაროტი ცხოვრობდა, კონცერტი მქონდა. ამ პატარა ქალაქში ყოველწლიურად საოპერო ფესტივალი იმართება. ჩემი გამოსვლა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის მეორე დღეს იყო დაგეგმილი. ისე ვნერვიულობდი, მატჩისთვის არ მიყურებია, უბრალოდ ვერ ვუყურე. მეუღლე მახლდა და დამამშვიდებელი პრეპარატები მიმაღებინა. მაინც არ მიშველა. თამაშზე წარმოდგენას, სასტუმროს მეზობელი ნომრებიდან გამოსული ხმების მიხედვით ვიქმნიდი. სწორედ ასე გავარკვიე, რომ ნოიერის მხრიდან იგუანის წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა იყო, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. უაღრესად დიდი სტრესი მივიღე. ფესტივალის ორგანიზატორები ჩემს მდგომარეობას გაგებით მოეკიდნენ და კონცერტი გადამიტანეს.

POPSPORT: ბათუმში დაიბადე და გაიზარდე. დღეს აჭარის დედაქალაქში საფეხბურთო ბუმია. როგორია გულშემატკივრის თვალით დანახული დინამო ბათუმი?

ნაკაშიძე: ჩემი ქალქის კლუბს 97-წლიანი ისტორია აქვს. ბათუმის დინამოსთანაც 30-წლიანი სიყვარული მაკავშირებს. დინამო არაა ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული ფეხბურთელები. ნებისმიერი გულშემატკივრისთვის დაუვიწყარია რევაზ ჩელებაძის, ვახტანგ ქორიძის სახელები. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამიტომ გვარების ჩამოთვლას არ გავაგრძელებ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ბათუმის დინამომ ერთ-ერთი ყველაზე  წარმატებული არაქართველი ფეხბურთელი აღზარდა. ბერძენ ნინიადისს ვგულისხმობ, რომელიც ბათუმის დინამოდან სამშობლოში წავიდა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.

გააკეთე ქვიზი: რა იცი დინამო ბათუმის შესახებ?

ბათუმში ძალიან ძლიერ გუნდებს და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს აქვთ ნათამაშები. მარტო ბრაზილიური პალმეირასი რად ღირს, რომლის შემადგენლობაშიც რობერტო კარლოსი თამაშობდა. ბათუმის დინამოს მეტოქეებს შორის ისეთი ცნობილი და ძლიერი კლუბები იყვნენ, როგორებიც გლაზგოს სელტიკი და პსვ ეინდჰოვენია. ყველა ამ მოწინააღმდეგესთან ბათუმელები ღირსეულად გამოიყურებოდნენ. პსვ-ს ვუგებდით კიდეც და მაშინ, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, უჯმაჯურიძემ ცარიელ კარში ვერ გაიტანა. 2:0-ზე კი არავინ იცის, რა მოხდებოდა. ეს უპირატესობა უკვე სოლიდური იქნებოდა. თუმცა მანამდე იყო სერბული ობილიჩი. ევროტურნირებზე დინამო ბათუმის ისტორია სწორედ ამ გუნდთან დაპირისპირებებით დაიწყო. ტრიბუნებზე სრული ანშლაგი იყო. ხალხი თამაშს სტადიონის მიმდებარედ არსებული სასტუმროების აივნებიდანაც კი უყურებდა.

დღევანდელი მდგომარეობა 25 წლის წინანდელს შემიძლია შევადარო. ისევე, როგორც 1995 წელს, ქალაქი ახლაც ფეხბურთით ცხოვრობს და ეს პირველ რიგში არჩილ ბერიძის დამსახურებაა. ეს ადამიანი თავისი ბიზნესით კლუბს ინახავს და ამას საფუძვლად ის უდიდესი სიყვარული უდევს, რომელიც მას დინამო ბათუმის მიმართ გააჩნია. ის, რომ დღეს გუნდს საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, სწორედ ამ ინვესტიციის დამსახურებაა. ბათუმელთა რიგებში თამაშობენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ძალიან ნიჭიერი ბრაზილიელები, გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნის, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის სტადიონი, რომელიც ბათუმში აშენდა. ულტრათანამედროვე ნაგებობა, რომელიც ქალაქს ნებისმიერი დონის საფეხბურთო მატჩის მასპინძლობის საშუალებას მისცემს. ამ სტადიონის გახსნაზე საქართველოს ჰიმნის შესრულების პატივი მე მერგო. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი გახდება.

დინამოს ბრაზილელი ლიდერი: ფლამარიონ ჯოვინო

POPSPORT: ცოტა მუსიკაზეც ვისაუბროთ. რომელია შენთვის ყველაზე გამორჩეული გამოსვლა?

ნაკაშიძე: ოპერა ხელოვნების განსხვავებული ჟანრია. საკუთარი თავის შესახებ საუბარი მეუხერხულება, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი მონაცემები საკმაოდ იშვიათია. საოპერო მსოფლიოში დრამატული ბარიტონი ბევრნი არ ვართ, ამიტომ გასტროლებზე სიარული ხშირად მიწევს. დაუვიწყარია იტალიაში, რომელიც ოპერის სამშობლოდ ითვლება, პუჩინის ოპერაში ტოსკა სკარპიას როლის შესრულება. მაშინ 32 წლის ვიყავი და მოგვიანებით გაირკვა, რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში, მსგავსად რთული როლი არავის შეუსრულებია.

კომენტარები

ბოლო ამბები