Thumbnail

1 მოგება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინი მსაჯთა კოლეგიამ იხსნა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ივლისის ბაშოს მე-12 დღეს მე-7 გამარჯვება მოიპოვა და ახლა, მინიმალური დადებითი ბალანსისა (კაჩი-კოში) და შესაბამისად, წოდებაში დაწინაურებისთვის, დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან ერთის მოგებაც ეყოფა.

დღეს, დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-12 მაეგაშირა შოჰოძანს გადაეყარა და არაერთი ასპექტის გამო, ფავორიტიც გახლდათ. ქართველ სეკიტორს 36 წლის იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში საგრძნობი უპირატესობა (15 მოგება, 8 მარცხი) ჰქონდა და თანაც, შოჰოძანი ტოკიოში მიმდინარე შეჯიბრს არცთუ კარგ ფორმაში შეხვდა.

ტოჩინოშინთან შერკინებამდე, იაპონელ ვეტერანს აქტივში მხოლოდ 2 გამარჯვება გააჩნდა და დოჰიო დღესაც დამარცხებულმა დატოვა. ქართულ იაპონური შერკინება დრამატული გამოდგა და პირველ ჯერზე გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. საქმე ის გახლავთ რომ ტოჩინოშინი და შოჰოძანი ტავარას მიღმა ერთდროულად გადავარდნენ და მართალია, თავიდან გამარჯვება იაპონელს მიანიჭეს, მონოის (მსაჯთა კოლეგია) გადაწყვეტილებით, განმეორებითი შერკინება დაინიშნა. ამ შემთხვევაში, ლევანმა უფრო ყოჩაღად იმოქმედა, მოწინააღმდეგეს დოჰიოსკენ დაქაჩა და ჰატაკიკომით მოიგო.

ამგვარად, ტოჩინოშინის მაჩვენებელი 7 მოგება და 5 მარცხია და როგორც აღვნიშნეთ, მას მიზნამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ზაფხულის სუპერტურნირის მე-13 დღეს ქართველი სუმოისტი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დოჰიოზე პირველი გავა და ძალებს დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიიომარუსთან მოსინჯავს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს უგებს. ამ უკანასკნელს ტოკიოში მხოლოდ 3 გამარჯვება გააჩნია.

კომენტარები

ბოლო ამბები