Thumbnail

პაუზის შემდეგ NBA ბრუნდება - რა უნდა ვიცოდეთ რესტარტის წინ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • როგორ ფორმაში ხვდებიან გუნდები NBA-ს სეზონის რესტარს
  • ლიგას ახალი ფორმატი აქვს, 8 თამაში და შემდეგ პლეი ოფი
  • ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები მილუოკი, ლეიკერსი და კლიპერსი არიან
  • ზოგიერთი გუნდი განახლებულ ლიგას არასერიოზულად მიუდგა

კორონავირუსით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ NBA ბრუნდება. გუნდები განახლებულ ფორმატზე შეთანხმდნენ: რეგულარულ ჩემპიონატში კიდევ რამდენიმე თამაშს ჩაატარებენ, სადაც პლეი ოფის მონაწილეები და ცხრილში გუნდების საბოლოო ადგილი გაირკვევა და სულ რაღაც ორიოდე კვირაში, 15 აგვისტოდან, პლეი ოფიც დაიწყება.

ფორმატი

ამჯერად მთელ ტურნირს ფლორიდა უმასპინძლებს და გულშემატკივარს თითქმის მთელი დღის განმავლობაში შეეძლება, კალათბურთს უყუროს. თამაშები ამერიკის დროით არამხოლოდ საღამოს, არამედ დღისითაც იქნება. ანუ, თბილისის დროით, ზოგიერთი თამაში არა გვიან ღამით, არამედ საღამოს დაიწყება.

განახლებულ ჩემპიონატში 22 გუნდი ითამაშებს, ანუ ისინი, რომელთაც პლეი ოფისთვის ბრძოლის რეალური შანსი აქვთ. პლეი ოფი კი სტანდარტული, 16-გუნდიანი ფორმატით გაიმართება. ერთადერთი და მნიშვნელოვანი სხვაობა ის არის, რომ ამჯერად მაყურებლის გარეშე - საშინაო მოედნის უპირატესობა მხოლოდ ფორმალურია.

განახლებულ ლიგაში კიდევ ერთი სიახლეა. თუკი მერვეადგილოსანი მეცხრეს რეგულარულის დასრულების შემდეგ 4 თამაშზე ნაკლებით გაასწრებს, მაშინ მათ შორის ცალკე წინა საპლეიოფო სერია გაიმართება ორ მოგებამდე. მერვეადგილოსანი სერიას 1:0 ანგარიშით დაიწყებს და პლეი ოფამდე მას მხოლოდ 1 მოგება დააშორებს. მეცხრეადგილოსანს კი თავის უშუალო კონკურენტთან ორიდან ორი მატჩის მოგება დასჭირდება პლეი ოფში მოსახვედრად.

ამ წესის გათვალისწინებით, ის გუნდები, რომლებიც პლეი ოფის ზონას საგრძნობლად ჩამორჩებიან, მეცხრე ადგილისთვის მაინც იბრძოლებენ.

‘ტურისტები’

რამდენიმე გუნდი, რომელთაც პლეი ოფის მიღწევის მხოლოდ ფორმალური შანსი ჰქონდათ და ამ სეზონში მნიშვნელოვანი მიზნები არ გააჩნიათ, განახლებულ NBA-ს ბოლომდე სერიოზულად არ მიუდგა.

მათ შორის არის ბრუკლინი, რომელსაც ტრავმირებული ლიდერების, კევინ დურანტის და კაირი ირვინგის გარდა, ტრავმების, ვირუსის და უმოტივაციობის გამო დინვიდი, პრინსი, ჩენდლერი და ჯორდანი აკლია.

კაირი ირვინგმა ყველაფერი გააკეთა, რომ სეზონი რომ ჩაშლილიყო

ამ ვითარებაში ბრუკლინი, რომელიც ვაშინგტონს 6 თამაშით უსწრებს, პლეი ოფის ზონაში ადგილს ალბათ შეინარჩუნებს, თუმცა პირველივე წრეში უშანსოდ გავარდება. მთავარი ეგზოტიკა ის არის, რომ იმ პირობებში, როცა ბრუკლინს თითქმის მთელი გუნდი არ ჰყავს, მათ 40 წლის ჯამალ კროუფორდი მიიწვიეს, რომელსაც NBA-ში დიდი ხანია აღარ უთამაშია.

თავის მხრივ, ვაშინგტონმაც გადაწყვიტა, რომ პლეი ოფისთვის თეორიული შანსების გამო "თავის მოკვლა" არ ღირდა და გუნდის ლიდერმა ბრედლი ბილმა რესტარტში მონაწილეობაზე ტრავმის გამო უარი თქვა. არ ითამაშებს ასევე დევის ბერტანსი და ტრავმის გამო მთელი სეზონი უცდება გუნდის კიდევ ერთ ლიდერს, ჯონ ვოლს.

დაახლოებით ასევე მოიქცა სან ანტონიო, რომელსაც პლეი ოფის ასევე მხოლოდ თეორიული შანსი აქვს (-3 თამაში პლეი ოფის ზონასთან) და ლამარკუს ოლდრიჯს ოპერაციის გაკეთების უფლება მისცა. მის გარეშე, სპურსი კიდევ უფრო სუსტი იქნება და ძალიან სავარაუდოა, რომ ბოლო 22 წელიწადში პირველად, გრეგ პოპოვიჩის გუნდი პლეი ოფში ვერ მოხვდება.

უშანსოდ არის ფინიქსი, რომელიც პლეი ოფის ზონას 6 თამაშით ჩამორჩება, თუმცა ახალგაზრდა გუნდისთვის ამ ტიპის მინი-ტურნირში თამაში მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და არიზონელთაგან განახლებულ NBA-ში მონაწილეობაზე უარი არავის უთქვამს.

ლოკალური მიზნებისთვის

რამდენიმე გუნდს განახლებულ ლიგაში მხოლოდ ლოკალური, მცირემასშტაბიანი მიზნები აქვს. მაგალითად, საკრამენტო და ნიუ ორლეანი პლეი ოფის ზონას 3 თამაშით ჩამორჩებიან და დარჩენილ 8 შეხვედრაში ორჯერ ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. თუკი რომელიმემ პლეი ოფის ზონაში შეაღწია, ეს მათთვის დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.

ნიუ ორლეანსს ყველაზე იოლი კალენდარი აქვს. მის მეტოქეებს საშუალოდ თამაშების მხოლოდ 49 პროცენტი აქვთ მოგებული, რაც ზაიონ უილიამსონის გუნდს რეალურ შანსს აძლევს, რომ პლეი ოფისთვის იბრძოლოს.

ზაიონის და ლებრონის დუელს პლეი ოფში ბევრი ელოდება

ამ ტიპის გუნდია ასევე მემფისი, რომელიც უკვე პლეი ოფის ზონაშია და კონკურენტებს 3 თამაშით ასწრებს. ამ სეზონში მემფისისგან კარგს არაფერს ელოდნენ, თუმცა მათ ყველა გააოცეს - ძალიან კონკურენტულ დასავლეთში პლეი ოფის ზონაში არიან, მათი ლიდერი ჯა მორანტი კი ერთმნიშვნელოვნად სეზონის მთავარი აღმოჩენა და საუკეთესო ახალწვეულია და ეს თუნდაც ზაიონ უილიამსონის ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ

ლოკალური მიზნები აქვს ასევე ორლანდოს, რომელიც პლეი ოფში უნდა გავიდეს, თუმცა იქ ფლორიდელებს კარგი არაფერი ელოდებათ, მით უმეტეს, თუ თამაში პირველივე წრეში მილუოკისთან მოუწიათ. თუნდაც 1 პლეიოფური თამაშის მოგება ორლანდოსთვის მაქსიმუმი იქნება.

საინტერესო გუნდები

პორტლენდი

განახლებული რეგულარულის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა პორტლენდი იქნება. წლების განმავლობაში, დემიენ ლილარდის გუნდი პლეი ოფის უცვლელი მონაწილე იყო. გასულ სეზონში ორეგონელებმა კონფერენციის ფინალამდე მიაღწიეს. ამ სეზონში მათდამი მოლოდინი კიდევ უფრო დიდი იყო, თუმცა პორტლენდი ტრავმებმა გააწამა და ძალიან კონკურენტულ დასავლეთში ისინი მემფისს მთელი ოთხი თამაშით ჩამორჩებიან.

თუმცა პორტლენდს ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ. მათ შორის ცენტრი იუსუფ ნურკიჩი, რომელსაც წელიწადზე მეტი გაუცდა. ნურკიჩთან ერთად, პორტლენდის სამწამიანი ძალიან ძლიერია და რამე უნდა ეშველოს დაცვას, რადგან პორტლენდის დაცვა თამაშში მიღებული 115.2 ქულით 26-ე ადგილზეა ლიგაში.

ნურკიჩის ფაქტორს დაუმატეთ ლილარდი-მაკკალუმის დუეტი და ის ფაქტი, რომ ლიგის შიდა წყაროების ცნობით, ორეგონელები ძალიან მოტივირებულები არიან, რომ პლეი ოფს მიაღწიონ.

მით უმეტეს, ყველა გუნდს რთული კალენდარი აქვს და ამ ვითარებაში მათ უშუალო კონკურენტ მემფისს ფეხი რომ დაუცდეს, გასაკვირი არ არის. პლეი ოფის ზონაში შესვლის შემთხვევაში პორტლენდს სავარაუდოდ ლეიკერსი შეხვდება და გულშემატკივარს პირველივე რაუნდში საინტერესო წყვილი გარანტირებული აქვს.

ოკლაჰომა

ამ ტიპის გუნდებს შორის შედის ოკლაჰომა, რომელიც ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. ოკლაჰომას დასავლეთში აუტსაიდერობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა რასელ ვესტბრუკის წასვლისა და კრის პოლის მისვლის შემდეგ ეს გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება.

პოლი-დენის შრიოდერი-შეი გილჯერ ალექსანდერის ტრიო, როდესაც პარკეტზე ერთად არიან, ლიგაში ყველაზე შედეგიანი სამეულია 100 პოზიციაზე 130 ქულით. პრობლემა ის არის, რომ დენის შრიოდერი ბავშვს ელოდება და როცა მისი შვილი დაიბადება, კამპუსიდან წასვლას აპირებს. მის გარეშე ოკლაჰომას შეტევას, რომელიც აქამდეც თამაშში 110.8 ქულით მხოლოდ მეთვრამეტეა ლიგაში, კიდევ უფრო გაუჭირდება.

კრის პოლი ოკლაჰომაში ისევ თავის საუკეთესო კალათბურთს აჩვენებს

სამაგიეროდ, იძულებითი პაუზის შემდეგ პლეი ოფს დასვენებული შეხვდება 35 წლის კრის პოლი, რომელსაც მუდამ ჰქონდა ფიზიკური დატვირთვის ნიადაგზე პლეი ოფის წინ გადაღლისა და ტრავმების პრობლემა.

ოკლაჰომა მეექვსე პოზიციაზეა და მხოლოდ ორი წაგებით ჩამორჩება მესამე პოზიციაზე მყოფ დენვერს. თეორიულად, მარტივად შესაძლებელია, პირველივე წრეში ოკლაჰომა-ჰიუსტონის შეხვედრა. კრის პოლი და რასელ ვესტბრუკი თავის ყოფილ გუნდებს დაუპირისპირდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ კრის პოლი ჰიუსტონზე ისევ ნაწყენია, ცხელი თამაშები გამოვა.

დალასი

საინტერესო იქნება ლუკა დონჩიჩის და მისი დალასის პირველი პლეი ოფის ნახვა. მარკ კუბანს და რიკ კარლაილს ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდი ჰყავთ, რომელიც 100 პოზიციაზე 116.7 ქულით საუკეთესო შეტევაა ლიგაში.

ტექსასელებს პლეი ოფში თუნდაც ერთი სერიის მოგება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან მათზე გამოცდილ და უკეთ დაკომპლექტებულ გუნდებთან მოუწევთ თამაში. დალასის მთელი შეტევა დონჩიჩის ფაქტორზეა დამოკიდებული და პლეი ოფში ლუკას ხშირად მოუწევს ორმაგი დაცვის და სპეციალურად მისთვის შექმნილი სისტემების წინააღმდეგ დაპირისპირება.

ყველას აინტერესებს, რამდენად შეძლებს დონჩიჩი პლეი ოფში ჩვეულ თამაშს

თუმცა, დალასის ხუთეულში სროლა ყველამ იცის და თუ სროლა მისდის ამ გუნდს კონკრეტული თამაშის მოგება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია. შესაბამისად, დალასის პლეი ოფურ თამაშები საინტერესო გამოცდილება უნდა იყოს, როგორც თავად ტექსასელებისთვის, ასევე გულშემატკივარისთვის.

მაიამი

აღმოსავლეთში ამ ტიპის გუნდი მაიამი ჰიტია. პატ რაილიმ ჯიმი ბატლერის გარშემო ახალგაზრდა გუნდი შეკრა, რომელსაც NBA-ში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბემ ადებაიო ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა.

დალასთან შედარებით, მაიამის სამი უპირატესობა აქვს: აღმოსავლეთი უფრო ნაკლებად კონკურენტულია, ახალგაზრდებთან ერთად მაიამის ბატლერი, დრაგიჩი და იგუდალა ჰყავს, რომელთაც დიდი პლეი ოფური გამოცდილება აქვთ და აღმოსავლეთში ფლორიდელები მეოთხე პოზიციას იკავებენ, რაც შესაძლოა, დაეხმაროთ პირველ რაუნდში შედარებით რთული მეტოქის თავიდან აცილებაში (თუ, რა თქმა უნდა, ფილადელფია მეხუთეზე არ გავიდა).

კორონავირუსის მიუხედავად, მაიამიმ სრულფასოვანი მომზადება გაიარა, რადგან ფლორიდაში ნაკლები შეზღუდვებია და წესით, განახლებულ ჩემპიონატს კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაიამი ძალიან კარგად იცავს სამწამიანს და პოტენციურად ფილადელფიას, ან თუნდაც მილუოკისთვის რთული მეტოქე შეიძლება იყოს (სპოლესტრას გუნდმა მილუოკი ორჯერ უკვე დაამარცხა რეგულარულში). სამაგიეროდ, ფლორიდელებს პერიმეტრის დაცვა უჭირთ და, მაგალითად, ბოსტონის და ტორონტოს ტიპის გუნდებისგან ბევრ ქულებს იღებენ.

ინდიანა

გოგა ბითაძის ინდიანას, ყველაზე კარგ შემთხვევაში, პლეი ოფში ერთი რაუნდის გავლის ამბიცია აქვს. პეისერსს კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა მისი შანსები ტრავმებმა საგრძნობლად შეამცირა. ვიქტორ ოლადიპომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ჩვეული ფორმა ისევ ვერ დაიბრუნა, მერე განახლებულ ჩემპიონატში მონაწილეობას უარი თქვა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა, თამაშს აპირებს და წინასასეზონო შეხვედრებში გუნდს ეხმარება. ბოლომდე მისი დარჩენის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. არც ის არის ნათელი, თუ როგორ ფორმაში იქნება იგი.

ინდიანას შეტევისთვის ოლადიპოს ფაქტორი გადამწყვეტია

გასულ სეზონში ინდიანამ კარგი რეგულარული ჩაატარა, თუმცა პლეი ოფის ფორმატში, როცა კოლექტიურ შეტევაზე მეტად ინდივიდუალური ტალანტი ფასობს, ოლადიპოს გარეშე ქულების მოგროვება ძალიან გაუჭირდა. ამ სეზონშიც პეისერსს ყველაზე მეტად შეტევა უჭირს - თამაშში 109.3 ქულით მხოლო 22-ე ადგილზეა ლიგაში და ეს მაშინ, როცა პლეი ოფში ქულების ჩაყრა კიდევ უფრო მეტად ჭირს.

წლევანდელი ინდიანა, შარშანდელთან შედარებით, უფრო მეტად არის მზად. გუნდმა მალკოლმ ბროგდონი დაიმატა, რომელსაც უკანა ხაზიდან სროლების შექმნა კარგად შეუძლია, ხოლო დომანტას საბონისი სწრაფად პროგრესირებს და თამაშში 18 ქულა, 12 მოხსნა და 5 ასისტი აქვს. თუმცა, ლიტველმა ორი დღის წინ ფეხი იტკინა და კამპუსი დატოვა. მის გარეშე ინდიანა პირველივე წრეში უშანსოდ იქნება. ოლადიპოსა და საბონისთან ერთად კი ნეიტ მაკმილანის გუნდი პირველ რაუნდში ყველასთვის უსიამოვნო მეტოქე იქნება.

ტორონტო

სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა ტორონტო, რომელსაც ჩემპიონობისა და კავაი ლეონარდის წასვლის შემდეგ, კრიზისს უწინასწარმეტყველებდნენ. პასკალ სიაკამი ამ სეზონში სრულფასოვან ვარსკვლავად იქცა, ხოლო ტორონტო აღმოსავლეთში მხოლოდ მილუოკის ჩამოუვარდება.

კანადელები აქცენტს ისევ გუნდურ კალათბურთზე აკეთებენ - მათ სასტარტო შემადგენლობაში ყველა მოთამაშე 10 ქულაზე მეტს ყრის, ხოლო ოთხ მათგანს (ლოური, სიაკამი, ვანვლიტი, პაუელი) თამაშში საშუალოდ 15 ქულაზე მეტი აქვთ. კანადელების ყველაზე ძლიერი მხარე დაცვაა - ტორონტო თამაშში მხოლოდ 106.5 ქულას იღებს, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

თუმცა, სიაკამი, როგორც შეტევაში ძირითადი ოპცია, პირველ პლეი ოფს თამაშობს და შესაბამისად, ძალიან კარგი რეგულარულის მიუხედავად, ტორონტო უფრო საინტერესო გუნდია, ვიდრე ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტი.

ფარული პრეტენდენტები

ფილადელფია

ფილადელფიამ ტორონტოზე 8 თამაშით მეტი წააგო და მხოლოდ მეხუთე ადგილზეა, თუმცა, ტრადიციულად, მილუოკის შემდეგ, თავისი რესურსებით, სწორედ ფილას მიიჩნევენ აღმოსავლეთში მეორე გუნდად.

ეს ყველაფერი ჯოელ ემბიიდის დამსახურებაა, რომელიც აღმოსავლეთში იანისის შემდეგ საუკეთესო მოთამაშეა. თეორიულად, არცერთ გუნდს არ შეიძლება, რომ ემბიიდის წინააღმდეგ აღმოსავლეთში სამწამიანში პასუხი ჰქონდეს.

გაცემული ავანსების მიუხედავად, ფილადელფია ამ სეზონში ნაკლებად დამაჯერებელი იყო. წელს ფილა არატრადიციული გზით წავიდა - მძიმე, მაღალი, ათლეტური და დაცვითი გუნდი ჰყავდა ორი ცენტრით და სამქულიანების გარეშე. შედეგად, ფილას დაცვა ლიგაში მეექვსეა, თუმცა შეტევა, თამაშში საშუალოდ ჩაგდებული 109.6 ქულით, მხოლოდ 21-ე ადგილზეა.

ემბიიდი აღმოსავლეთში საუკეთესო ცენტრია

წლევანდელმა ექსპერიმენტმა ნაკლებად გაამართლა და ბრეტ ბრაუნმა განახლებულ NBA-ში გამთამაშებლად შეიკ მილტონი გაამწესა, რომელიც პერიმეტრიდან 42 პროცენტით ისვრის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბენ სიმონსს უფრო ხშირად მოუწევს უბურთოდ თამაში.

ბრაუნს თავისი სამწვრთნელო სკამი აქვს გადასარჩენი. წლიდან წლამდე ფილასგან უფრო მეტს ელოდებიან, შედეგი კი არ ჩანს. კიდევ ერთი წარუმატებელი პლეი ოფი, შესაძლოა, ბრაუნის გაშვებას და გუნდის გადახალისებას ნიშნავდეს. ფილადელფიაში ძალიან უნდათ, რომ ემბიიდის გარშემო საჩემპიონო გუნდი შეკრან. წლევანდელი ‘სიქსერსი’ უცნაური გუნდია - შესაძლოა, პირველივე რაუნდში გავარდეს, თუმცა ყველაზე მეტი პოტენციალიც სწორედ ფილას აქვს, მილუოკის რომ ებრძოლოს. მით უმეტეს, ‘სიქსერსი’ შარშანდელი ტორონტოს მსგავსად, მთელი სეზონია, სამწამიანს მაღალი და ათლეტური მოთამაშეებით ამაგრებს, იანისისთვის პლეი ოფში მზად რომ იყოს.

ბოსტონი

ფილადელფიას ანტიპოდია ბოსტონ სელტიკსი, რომელიც აქცენტს კოლექტიურ და კომბინაციურ თამაშზე აკეთებს და წლიდან წლამდე ახერხებს, რომ სტაბილურად კარგი შედეგები აჩვენოს. ბოსტონის პრობლემა ის არის, რომ მათ სუპერვარსკვლავი არ ჰყავთ. კაირი ირვინგმა შარშან ამ როლის შესრულება არ მოინდომა, სუპერვარსკვლავის გარეშე კი პლეი ოფში ერთ რაუნდზე მეტის მოგება რთულია.

წელს ჯეისონ ტეიტუმს ყველაფერი აქვს, ეს როლი რომ მოირგოს. თავის მესამე სეზონში მან შედეგიანობა 8 ქულით გაზარდა და თამაშში 23.6 ქულას აგდებს. სელტიკსს სკამი უჭირს და სამწამიანში დომინანტი მოთამაშეები აკლია. ამის მიუხედავად, ამდენწლიანი პლეიოფური გამოცდილების პირობებში, ბრედ სტივენსის გუნდი შესაძლოა, წელს, მზად იყოს სულ მცირე კონფერენციის ფინალამდე მაინც მივიდეს - მით უმეტეს, რომ ‘სელტიკსი’ დაცვაშიც და შეტევაშიც ლიგის საუკეთესო ხუთ გუნდს შორისაა და დაყენებული, სტაბილური თამაში აქვს.

დენვერი

ზედიზედ ორი წელია, დენვერი დასავლეთის ლიდერებს შორისაა. წინა წელს, ნაგეთსი კონფერენციის ნახევარფინალში პორტლენდმა დამაარცხა. ამ სეზონში, დენვერს თავისი შედეგის გაუმჯობესება სურს. ეს პირველ რიგში ნიკოლა იოკიჩსა და ჯამალ მიურეიზე იქნება დამოკიდებული. დენვერს თავის კონკურენტებზე ნაკლები გამოცდილება და სუსტი შემადგენლობა ჰყავს. სწორედ ამიტომ, იოკიჩი-მიურეის ექსტრაორდინალური მონდომების გარეშე, კოლორადოელებს თავისი მიზნების მიღწევა გაუჭირდებათ.

ნიკოლა იოკიჩმა კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს თითქმის 20 კილოგრამი დაიკლო და ის ბევრად უფრო მობილური და სწრაფი უნდა გახდეს. მთავარი პრობლემა სამქულიანებია. პერიმეტრიდან ჩაგდებული სროლების მიხედვით, დენვერი ბოლოდან მეექვსე ადგილზეა, სამიანების გარეშე კი პლეი ოფში თამაში ძალიან გაჭირდება.

აღსანიშნავია, დენვერი ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ათლეტური გუნდია. მათ მწვრთნელ მაიკ მელოუნს ისეთუ ხუთეულის გამოყვანაც შეუძლია, რომელშიც ყველაზე დაბალი მოთამაშე 205 სანტიმეტრიანი პოლ მილსაპია.

იუტა

საინტერესო იქნება იუტა ჯაზზე დაკვირვება. იუტას ბოიან ბოგდანოვიჩი აკლია, თავისი თამაშში 20 ქულით და პერიმეტრიდან 41-პროცენტიანი ზუსტი სროლებით. თუმცა გუნდს გობერი-მიტჩელის ვარსკვლავური წყვილი, ძალიან სოლიდური დაცვა ჰყავს და პლეიოფური გამოცდილება აქვს.

მთავარი ფაქტორი მაიკ კონლი იქნება. სწორედ კონლის დამატების შემდეგ მოიაზრება იუტა ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტად. მანამდე ეს უბრალოდ კარგი პლეიოფური გუნდი იყო. კონლიმ სეზონი რთულად დაიწყო, თუმცა ბოგდანოვიჩის არყოფნაში მისი ქულების თავის თავზე აღება სწორედ კონლის უწევს. იძულებით პაუზამდე მას ბოლო 13 თამაშში საშუალოდ 16 ქულა ჰქონდა.

მაიკ კონლიმ იუტას შეტევის ორგანიზება თავის თავზე უნდა აიღოს

თუ იუტას სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა უნდა, მხოლოდ დონოვან მიტჩელი და გობერის დაცვა არ ეყოფა, კონლიმ იმ დონეზე უნდა ითამაშოს, როგორც მემფისში მის საუკეთესო წლებში.

გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც: მიტჩელს და გობერს კონფლიქტი აქვთ. თუ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და იუტამ პლეი ოფში პირველივე რაუნდში წააგო, მაშინ რუდი გობერს ალბათ წასვლა მოუწევს.

ჰიუსტონი

ჰიუსტონი ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გუნდია. წლიდან წლამდე დერილ მორი ახალ-ახალ ცდებს ატარებს და მიჩვეულები ვართ, რომ ტექსასელები ლიგის მთავარი ინოვატორები არიან. ამჯერად ისინი ულტრამსუბუქი ხუთეულით თამაშს აპირებენ.

ჰიუსტონის ‘დიდების' წყვილი (ტაკერი-კოვინგტონი) პერიმეტრიდან ძალიან კარგად ისვრის, თუმცა სიმაღლე იმდენად აკლიათ, რომ სამწამიანი მასზე დიდი მოთამაშეებისგან, როგორ უნდა დაიცვან, ეს დიდი კითხვის ნიშანია. ვესტბრუკი კაპელას ტრეიდის შემდეგ ბევრად უკეთ თამაშობს. სამწამიანი მისთვის თავისუფალია და ისიც ხშირად ირგებს ნომინალური ცენტრის როლს, რომელიც მეტოქის ფარზე მოხსნებისთვის იბრძვის.

ჰარდენთან და სამქულიანებთან ერთად ჰიუსტონის შეტევა თამაშში ჩაგდებული 118.1 ქულით მხოლოდ დალასს ჩამოუვარდება. თუმცა, რაც არ უნდა კარგად ითამაშოს ჯეიმს ჰარდენმა, ჰიუსტონის დაცვა პლეი ოფში ბევრ კითხვას იწვევს.

სამაგიეროდ, შეტევაში ტექსასელებს თავისი სამქულიანებით ნებისმიერი დაცვის დემორალიზება შეუძლიათ. თავისი ექსპერიმენტული თამაშით, ჰიუსტონი შესაძლოა პირველ რაუნდშივე გავარდეს, მაგრამ ექსპერიმენტი თუ კარგად წავიდა, სწორედ ჰარდენის გუნდი იქნება ლოს ანჯელესური გრანდების მთავარი საფრთხე დასავლეთში.

ფავორიტები

მთელი სეზონია, NBA-ს სამი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ვითარება არც ლიგის განახლების შემდეგ შეცვლილა.

მილუოკი

იანისის მილუოკი აღმოსავლეთის უპირობო ფავორიტია. მილუოკის 100 პოზიციაზე მიღებული 101.6 ქულით საუკეთესო დაცვა ჰყავს, რომელიც აქცენტს სამწამიანის დაცვაზე აკეთებს, შეტევაში კი იანისს და სამქულიანების მსროლელებს უკვე მეორე წელია ვერავინ ვერაფერი მოუხერხა. იანისი თავისი ათლეტიზმით მსროლელებს კარგ სროლებს უქმნის - შესვლა სამწამიანში და პასი პერიმეტრზე.

აღმოსავლეთში ‘ბაქსის’ შემჩერებელი თითქოს არც არავინ ჩანს. სტილისტურად მათთვის ყველაზე უსიამოვნო ისევ ფილადელფია შეიძლება იყოს. მილუოკი თამაშში 105 პოზიციით ყველაზე სწრაფი გუნდია ლიგაში და თამაშში ყველაზე მეტს, 118.6 ქულას აგდებს, თუმცა როცა ტემპი ვარდება (რაც პლეი ოფში აუცილებლად მოხდება) მილუოკის შეტევა ისეთი შედეგიანი ვეღარ არის - მხოლოდ მეშვიდეა ას პოზიციაზე ჩაგდებული ბურთების მიხედვით.

იანისი ალბათ წელსაც MVP იქნება

მილუოკიმ შარშანდელს შემდეგ საპლეიოფო გამოცდილებაც დაიმატა. შარშან ტორონტოსთან წაგებულ კონფერენციის ფინალში გამოცდილება გადამწყვეტი აღმოჩნდა, თორემ ისე, ‘ბაქსი’ კალათბურთს ‘რეპტორსზე’ უარესად არ თამაშობდა.

მილუოკის სხვა ამოცანაც აქვს. იანისის კონტრაქტს დიდი ხანი აღარ დარჩა და წლევანდელმა პლეი ოფმა The Greek Freak უნდა დაარწმუნოს, რომ მილუოკის სისტემა მას ყველაზე კარგ შანსებს აძლევს ჩემპიონობისთვის საბრძოლველად.

ლეიკერსი

რესტარტისთვის განსაკუთრებულად ემზადება ლოს ანჯელეს ლეიკერსი. ბოლო ბევრ წელიწადში პირველად, ლეიკერსი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ცუდი ამბავი ის არის, რომ კალიფორნიელებს ეივერი ბრედლი დააკლდებათ, რომელმაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარისკვაზე და განახლებულ ლიგაში თამაშზე უარი თქვა. ტრავმა აწუხებს რაჟონ რონდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეიკერსის ისედაც პრობლემატური როტაცია კიდევ უფრო მოკლე გახდება და ფრენკ ფოგელის გუნდს ერთი კაცით ნაკლები ყავს, ვისაც ბურთის წარმოღება და გათამაშება შეუძლია. კალიფორნიელებისთვის ეს ასპექტი აქამდეც პრობლემატური იყო და ლებრონ ჯეიმსს ლეიკერსის საჩემპიონო დონეზე შენარჩუნებისთვის ზედმეტად ბევრი რამის გაკეთება უწევდა.

ამჯერად, მას კიდევ უფრო მეტად მოუწევს ბურთის გათამაშების თავის თავზე აღება. კარგი ის არის, რომ ლებრონს იძულებითი პაუზა მხოლოდ უნდა წაადგეს. კოლოსალურად ბევრი ნათამაშები წუთების შემდეგ დასვენება ლებრონის ფორმაზე მხოლოდ კარგად აისახება ხოლმე. მით უმეტეს, ეს მნიშვნელოვანია ლეიკერსისთვის, რომელშიც მთელი თამაში ლებრონი-დევისის დუეტზეა აწყობილი, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ენტონი დევისთან ერთად ლეიკერსის დაცვა ლიგის საუკეთესო სამეულშია.

ჯეი არმა ლეიკერსთან ერთად ვარჯიში დაიწყო

ბრედლის ნაცვლად, გუნდში ჯეი არ სმიტი და დიონ ვეიტერსი გამოჩნდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეიკერსი პერიმეტრიდან უფრო სახიფათო იქნება - მას დამატებით ორი კარგი მსროლელი ყავს. თუმცა ორივე მათგანი NBA-ში ძალიან არასტაბილურ და არასტანდარტულ პერსონაჟად მიიჩნევა, როგორც პარკეტზე, ასევე მის ფარგლებს მიღმა. ჯეი არს თავისი სამქულიანებით თამაშის მოგებაც შეუძლია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ თავისი მოუფიქრებელი გადაწყვეტილებებით გუნდი დაღუპოს.

კლიპერსი

კლიპერსი ქაღალდზე NBA-ს ყველაზე ძლიერი გუნდია, თუმცა ამ გუნდის სრული პოტენციალი რეგულარულ სეზონში ჯერ არ გვინახავს. მილუოკიც და ლეიკერსიც რეგულარულში სულ მცირე უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ. თუმცა ორივე ძირითადი კონკურენტისგან განსხვავებით, კლიპერსს უფრო გრძელი შემადგენლობა და დიდი როტაცია აქვს. ჯორჯი-ლეონარდის ვარსკვლავური დუეტის გარდა ლუ უილიამსი და მონტრეზ ჰარელი სტაბილურად 20-ქულიანი მოთამაშეები არიან, მარკუს მორისი და პატრიკ ბევერლი კი დაცვაში არიან ძალიან კარგები.

კლიპერსისთვის მთავარი პრობლემა მათი ჯანმრთელობაა. ჯორჯიც და ლეონარდიც ორივე ტრავმატულია. რეგულარულში ისინი ხშირად ისვენებდნენ და თამაშების ზუსტად 50 პროცენტი აქვთ ერთად ნათამაშები. განახლებულ NBA-ში კი მათ დასვენების საშუალება ნაკლებად ექნებათ.

ცენტრის პოზიციაზე კლიპერსმა ჯოაკიმ ნოა დაიმატა. ეს პოზიცია დოკ რივერსის გუნდისთვის ყველაზე პრობლემური იყო და ფრანგი ვეტერანი დაცვაში კლიპერსს აუცილებლად დაეხმარება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები