Thumbnail
  • რაგბის ქართველი ქომაგისთვის სამწუხარო ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს
  • ექსპერიმენტული ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდება

8 ერის ექსპერიმენტულ ტურნირში, რომელიც წლეულს შემოდგომა-ზამთრის მიჯნაზეა დაგეგმილი, მიწვეული ნაკრებების რანგში ფიჯი და იაპონია ითამაშებენ, საქართველო კი ამჯერადაც ოფსაიდში დარჩება. რაგბის ქართველი ქომაგებისთვის ამ სამწუხარო ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს, რომელიც უკვე ჯგუფების შემადგენლობის შესახებაც წერს.

შეგახსენებთ, რომ 6 ერისთვის (ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია) 2 ნაკრების ერთჯერადად დამატებაზე საუბარი ბოლო თვეებია მიმდინარეობს და ვარიანტი თავიდანვე 3 იყო: ფიჯი, იაპონია და საქართველო.

ბოლო პერიოდში, თითქოსდა, ფიჯისთან ერთად საქართველო დაწინაურდა. მიზეზი ის იყო, რომ ფიჯელი და ქართველი მორაგბეების უმეტესობა საფრანგეთში თამაშობს და იაპონელთაგან განსხვავებით, მათ ევროპაში თავმოყრა არ გაუჭირდებოდათ. თუმცა, როგორც სჩანს, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეიცვალა და თუკი აღნიშნულ ვებ-გვერდს ვენდობით, მომავალი ტურნირის შემადგენლობა ასეთი იქნება.

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი;
B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია;

ცნობილია, რომ ექსპერიმენტული ტურნირი სტარტს 14 ნოემბერს აიღებს, ფინალში კი, რომელიც 5 დეკემბერს გახლავთ დაგეგმილი, ჯგუფების გამარჯვებულები ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები