Thumbnail
  • იუვენტუსმა ზედიზედ მეცხრე ჩემპიონობა მოიპოვა
  • მაურიციო სარის ხელში იუვე კონკურენტებზე უკეთესი, მაგრამ არადამაჯერებელია
  • 'სკუდეტო' პირველ რიგში დიბალა-რონალდოს დუეტის დამსახურებაა
  • ბოლო 9 წელიწადში იუვემ ყველაზე მეტი გოლი გაუშვა
  • სარის ბედს ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგი გადაწყვეტს

იუვენტუსმა სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა. ერთი შეხედვით, ეს დამაჯერებელი გამარჯვებაა, თუმცა ტურინელთათვის სეზონი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს სატურნირო ცხრილიდან ჩანს.

მწვრთნელი, რომელიც სახლში არ არის

მაურიციო სარის დანიშვნამ წინა ზაფხულს ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. თითქმის 1 წელი გავიდა, იუვე ჩემპიონია, თუმცა კითხვები არ შემცირებულა. სარისთან ერთად გუნდმა ვერ მოახერხა, ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადასულიყო. იუვეს თამაში ბევრ კითხვებს აჩენდა მის გულშემატკივარს შორის.

არავინ უარყოფს, რომ იტალიაში ტურინელები ისევ ყველაზე ძლიერები არიან. ამ კლუბს ყველაზე დიდი ბიუჯეტი, ვარსკვლავური შემადგენლობა, საუკეთესო მენეჯმენტი, გამოცდილება და საჩეპიონო ხასიათი აქვს.

ამ სეზონში ძალიან ბევრი იყო ისეთი თამაში, რომელშიც გუნდი თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ გამოცდილების და კლასის ხარჯზე მოიგო. ასეთ თამაშებს ტურინული გრანდი ყველაზე მაგრად იგებს - 25 გამარჯვებიდან იუვემ 14-ჯერ მხოლოდ ერთი ბურთით მოიგო. უმეტესობა ისეთი მატჩები იყო, ზოგს კლასზე, ზოგს კი ხასიათზე მოგება რომ ეთქმის. მრავლისმთქმელია ერთი სტატისტიკური დეტალი: გოლების მესამედზე მეტი, 34 პროცენტი, იუვემ სტანდარტებიდან გაიტანა. 73 გატანილიდან 25 გოლი სწორედ სტანდარტებს მოჰყვა!

შენიშვნა: ყველა სტატისტიკური მონაცემი დათვლილია 35 ტურის მიხედვით.

თუმცა, იუვენტუსი ისევ და ისევ განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც მხოლოდ ჩემპიონობა საკმარისი არ არის. ტურინელებს პრეტენზია აქვთ, რომ როგორც იტალიის, ასევე ევროპის მასშტაბით ისეთივე დომინანტები იყვნენ, როგორც წინა წლებში რეალის და ბარსელონას საუკეთესო ფორმაციის გუნდები. ამ კომპონენტში ვერავინ იტყვის, რომ იუვემ პროგრესი განიცადა. პირიქით: წინა სეზონებთან შედარებით, იუვე ნაკლებად დამაჯერებელი იყო.

სარის და რონალდოს არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ

მნიშვნელოვნად არ შეცვლილა გუნდის სათამაშო სტილიც. ე.წ. ‘სარიბოლი' პირველ რიგში სწორედ თავისი სტილით გამოირჩევა. ეს იუვე ალეგრის გუნდთან შედარებით უფრო მეტად და უფრო უკეთ იჭერს ბურთს, თუმცა სარის საფირმო თამაშისგან ძალიან შორსაა. რაც შეეხება, მაღალ პრესინგს, სარისთვის სახასიათო მეორე ძირითად კომპონენტს - იუვე ძალიან არადამაჯერებელია და წინა წელთან შედარებით, ამ კომპონენტში ტურინელთა თამაში გაუარესდა კიდეც.

ნეაპოლელ სპეციალისტს არც ჰყავს თითქოს შესაფერისი შემადგენლობა, მისთვის სახასიათო ფეხბურთი რომ ითამაშოს. არც იმის რესურსი და ავტორიტეტი აქვს, კიელინის, რონალდოს და პიანიჩს ფეხბურთი თავიდან რომ ასწავლოს.

ამას დაუმატეთ, რომ იუვეს ვერცერთმა ახალწვეულმა იმ დონის ფეხბურთი ვერ ითამაშა, რასაც ელოდნენ. მატეის დე ლიხტმა კატასტროფულად დაიწყო, სეზონის მეორე ნახევარში კი მოუმატა, თუმცა იმ დონეზე მაინც ვერ თამაშობს, რასაც ელოდნენ. აარონ რემზიმ და ადრიან რაბიომ ტურინში თავის თავი ვერ იპოვეს, პიანიჩი და მატუიდი რეგრესირებდნენ, იგუაინი სასარგებლო იყო, თუმცა სარიმ ვერც მას შთაბერა ახალი სიცოცხლე. მოკლედ, თითქმის ყველა ძირთად პარამეტრში (ხარისხობრივი ზრდა, სტილი, ახალწვეულების ინტეგრაცია, მოთამაშეების პროგრესი) ნეაპოლელმა სპეციალისტმა ავანსები სრულყოფილად ვერ გაამართლა.

მოკლედ, საქმე ისეა, რომ ჩემპიონობის მიუხედავად, სარის წასვლა რეალური ამბავია. იტალიური პრესა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობის შემთხვევაში, ანდრეა ანიელი ახალ მწვრთნელს მოძებნის.

სარის აქტივი

სარის აქტივში ხუან კუადრადოსთვის ახალი პოზიციის (მარჯვენა მცველი) წარმატებით მოძებნა, პაულო დიბალას ძველებურ დონეზე დაბრუნება და როდრიგო ბენტანკურის პროგრესი უნდა შევიტანოთ.

კუადრადოსთან ერთად, მარჯვენა ფლანგი უფრო აქტიური გახდა და შეტევების 39 პროცენტი სწორედ აქედან მიმდინარეობს. ალექს სანდროს და რონალდოს მარცხენა ფლანგიდან ეს რიცხვი 33 პროცენტია. სხვაობა აშკარაა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იუვესთვის მარცხენა ფლანგი უფრო შემტევი იყო ხოლმე.

კუადრადო ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

კუადრადო თამაშში საშუალოდ 59 პასით მხოლოდ პიანიჩს ჩამორჩება და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული, რაც ტურინელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. საუკეთესო კი როდრიგო ბენტანკურია 7 საგოლე გადაცემით, რომელიც ამ სეზონში იუვეს ნახევარდაცვის ლიდერად იქცა.

საჩემპიონო დუეტი

დიბალას და რონალდოს ფაქტორი სერია A-ს მასშტაბით მაინც გადამწყვეტია. ტურინელთა 73 გოლიდან ამ დუეტის ანგარიშზე 41 გატანილი ბურთია. ამას 11 საგოლე გადაცემაც დაამატეთ და ნათელი ხდება, რომ იუვეს ჩემპიონობა პირველ რიგში სწორედ ამ მოთამაშეების დამსახურებაა. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტურინელებს სისტემური უპირატესობის არარსებობის გამო ზედმეტად ხშირად უწევდათ სწორედ კლასზე გამარჯვება.

შარშან ამ წყვილს 26 გოლი ჰქონდა გატანილი, აქედან დიბალას - მხოლოდ 5. გასულ სეზონში ისიც მიიჩნეოდა, რომ დიბალა-რონალდოს ერთად თამაში არ გამოსდიოდათ და წინა ზაფხულს არგენტინელის გუნდიდან წასვლაზეც კი იყო საუბარი.

ამ სეზონში ერთ-ერთი მთავარი პოზიტივი იუვესთვის ის არის, რომ სარის ხელში ამ დუეტმა წყვილში თამაში წარმატებით შეძლო. ამ ყველაფერს გუნდში მარიო მანჯუკიჩის ადგილი შეეწირა, იგუაინს კი ძირითადად სკამზე მოუწია ჯდომა. დიბალა უფრო მეტ დროს ატარებს შეტევაში, ნომინალური ფორვარდია და როდესაც ის სიღრმეში ამოდის, ტურინელებს გამოკვეთილი თავდამსხმელი აღარ რჩებათ.

რონალდო-დიბალას დუეტი გადამწყვეტი იყო

ამ როლში დიბალამ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. გოლებთან და საგოლე პასებთან ერთად ის თავდამსხელისთვის ძალიან ხშირად მონაწილეობას შეტევების ორგანიზებაში და თამაშში 42 გადაცემა აქვს შესრულებული, რაც შემტევისთვის კარგი მაჩვენებელია და თამაშში 2.2-ჯერ გაჰყავს თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე.

შედეგად, იუვე წელს შეტევაში უკეთესი იყო. თუკი შარშან ტურინელებს თამაშში 1.84 გოლი გაჰქონდათ, წელს ეს მაჩვენებელი 2.08-მდე გაიზარდა.

მესამე ბომბარდირი გონსალო იგუანი გახდა 7 გატანილი გოლით. სხვა არცერთ მოთამაშეს 4-ზე მეტი გოლი არ გაუტანია.

პრობლემები დაცვაში

სეზონი იუვეს დაცვისთვის ცუდად დაიწყო. ტურინელთა საუკეთესო მცველმა ჯორჯო კიელინიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რაც მას, ფაქტობრივად, გამოტოვებულ სეზონად დაუჯდა. კიელინის არყოფნაში იუვემ ბოლო 9 წელიწადში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა (არადა, კიდევ 2 ტურია სათამაშო). ტურინელები თამაშში საშუალოდ გოლზე მეტს უშვებენ (1.08 გაშვებული გოლი), რაც გრანდისთვის ძალიან ცუდი შედეგია. შედარებისთვის: შარშან იუვე თამაშში 0.78 გოლს უშვებდა.

1960-61 წლების სეზონის შემდეგ იტალიაში ჩემპიონს ამდენი გოლი არ გაუშვია. ბოლო 9 წელიწადში იუვე გაშვებული გოლების მაჩვენებლით პირველად გადახდა 30 გოლიან მაჩვენებელს და ისეთი პირი უჩანს დარჩენილ ორ ტურში, შესაძლოა 40-საც გადაცდეს.

ამ სეზონში იყო, მაგალითად, ნაპოლისთან 3:0-ზე გაშვებული ზედიზედ 3 გოლი და მილანთან 2:0-ზე ოციოდე წუთში მიღებული 4 გოლი.

შორს რომ არ წავიდეთ, ბოლოსწინა ტურში, უდინეზესთან საჩემპიონო თამაშში, იუვემ 1:0-ზე მეორე ტაიმში ორი მისთვის არასახასიათო გოლი გაუშვა. როდის იყო, რომ იუვენტუსი საჩემპიონო თამაშში უდინეზესნაირ გუნდებთან აგებდა და მით უმეტეს ასეთ გოლებს უშვებდა?!

პირველ შემთხვევაში, ნესტოროვსკის აუხსნელად ბევრი სივრცე აქვს, მას უბრალოდ არავინ იყვანს, ალექს სანდრო კი დაცვაში უბრალოდ მოსეირნობს. მეორე შემთხვევა კი ყველაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება დე ლიხტის წლევანდელი სეზონი - უდინეზეს ფოფანამ მას კინაღამ წელი მოტეხა. ჰოლანდიელი მცველის ‘ანგარიშზე’ ამ სეზონში ზედმეტად ბევრი რეზულტატური შეცდომაა. საერთოდაც იუვემ მისთვის არატიპურად ბევრი, 18 ქულა დაკარგა იმ სიტუაციებში, როდესაც ანგარიშში წინ იყო.

მოკლედ, თუ იუვეს წელს დამაჯერებლობა აკლდა, პირველ რიგში ეს დაცვას ეხებოდა.

პოზიტივი დიდ თამაშებში

თუ ამ სეზონში იუვენტუსის აქტივად რამე უნდა ჩაითვალოს, ეს დიდი თამაშებია. თავის უშუალო კონკურენტებთან ურთიერთშეხვედრებში ტურინელები ახერხებდნენ ხარისხობრივად უფრო უკეთესი თამაში ეჩვენებინათ.

ამ სეზონში ჯერჯერობით მეორე ადგილზე მყოფ ინტერს იუვეზე მეტი გოლი აქვს გატანილი, უფრო ნაკლები გაშვებული, თუ ურთიერთშეხვედრებს გამოვაკლებთ ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. ანუ ისინი ერთნაირად თამაშობენ, თუმცა ურთიერშეხვედრების გათვალისწინებით იუვე ინტერს 7 ქულას უგებს.

იგუაინის გადამწყვეტი გოლი ინტერთან სან სიროზე

სარის გუნდმა საუკეთესო თამაშები სწორედ ინტერთან ჩაატარა და ორი გამარჯვებით თავის უშუალო კონკურენტს 6 ქულა წაართვა, რაც საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი უპირატესობა აღმოჩნდა.

იუვემ 4 ქულა მოიპოვა ატალანტასთან და სახლში დაამარცხა ლაციოც.

კორონავირუსის პაუზა

ვირუსით გამოწვეულმა პაუზამ და შექმნილმა ექსტრაორდინალურმა ვითარებამ ტურინელებს მხოლოდ ხელი შეუწყო. იძულებით პაუზამდე ლაციო იუვეს მხოლო 1 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა ტრავმების, მოკლე შემადგენლობისა და როტაციის არარსებობის პირობებში ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ლაციო კრიზისში აღმოჩნდა და საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდა.

ამ პირობებში უშეცდომოდ არც ტურინელები გამოიყურებოდნენ და სამპდორიამდე 5 თამაშში მხოლოდ 1 მოიგეს, თუმცა გრძელმა შემადგენლობამ და მოთამაშეების კლასმა განახლებული ჩემპიონატის მჭიდრო გრაფიკში იუვეს კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მისცა.

პრობლემებისა თუ კითხვების მიუხედავად, იუვენტუსმა ჩემპიონობა მოიპოვა, თანაც ისე, რომ ჩემპიონატის ყველა ეტაპზე კონკურენტებზე უფრო დამაჯერებელი ჩანდა. ამის მიუხედავად ფაქტია, რომ ამ სეზონში დისტანცია იუვესა და მის კონკურენტებს შორის უფრო შემცირდა, ვიდრე გაიზარდა. ტურინული კლუბის მენეჯმენტს სჩვევია, რომ მოქმედება იმაზე ადრე დაიწყოს, ვიდრე პრობლემები თვალსაჩინო გახდება ხოლმე. შესაბამისად, რეალურია მწვრთნელის ცვლილება და გუნდის გადახალისება. ეს სეზონი არ იყო ის, რასაც ბოსები და ფანები ელოდნენ. წინ ჩემპიონთა ლიგაა, რაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ფაქტი ერთია: თუნდაც პრობლემატური იუვე იტალიაში კიდევ ერთხელ და უკვე ზედიზედ მეცხრედ ყველაზე ძლიერია! ანუ, Salutate la Capolista - მიესალმეთ ცხრილის ლიდერს.

კომენტარები

ბოლო ამბები