Thumbnail
  • ჰანსი ფლიკი ბაიერნის პირველი ვარჯიშით კმაყოფილია
  • ერთადერთი პრობლემა ახლა ბენჟამენ პავარის ტრავმაა

კვირას მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის სეზონის რესტარტისთის მზადება დაიწყო. რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის განკარგულებაში ყველა, 27-ივე ფეხბურთელი და ოთხივე მეკარე გახლდათ, მაგრამ პირველ დღეს პრობლემის გარეშე არ ჩაუვლია: მარჯვენა მცველმა ბენჟამენ პავარმა ტრავმა მიიღო და ვარჯიში ნაადრევად შეწყვიტა. მსოფლიოს ჩემპიონი მოედნიდან გოლფის მანქანით გაიყვანეს. 

მოგვიანებით, ფლიკმა ფრანგის ტრავმა დაადასტურა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ჯერ ზუსტი დიაგნოზი უცნობია. მისი თქმით, მარჯვენა მცველს ფეხი გადაუბრუნდა, ტრავმის დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი

პარასკევს ბაიერნი მარსელის ოლიმპიკთან ამხანაგურ მატჩს გამართავს - ეს იქნება ტესტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრის წინ, რომელშიც მიუნხენურმა გრანდმა 8 აგვისტოს ჩელსის უნდა უმასპინძლოს. ფლიკმა თქვა, რომ მარსელთან ბაიერნის ახალწვეული ლეროი სანე არ ითამაშებს.

როგორც იცით, პირველი მატჩი ბაიერნმა ჩელსის ლონდონში 3:0 მოუგო. თუ რაიმე სასწაული არ მოხდება და რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავა, მიუნხენელები მზადებას პორტუგალიაში გააგრძელებენ, სადაც, 14 აგვისტოს ლისაბონში ბარსელონასა და ნაპოლის შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები