Thumbnail
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი მზადაა, მილანში დარჩეს
  • შვედი ხელფასის მომატებას ითხოვს
  • როსონერის გენერალური დირექტორი ამაზე იფიქრებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანახმაა, მილანთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და ‘როსონერიში’ კიდევ ერთი წელი დარჩეს. ამის შესახებ ინფორმაცია MilanNews-ის ჟურნალისტმა ვიტო ანჯელემ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, რომელიც წერს, რომ 38 წლის ფორვარდთან დაკავშირებული ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ცნობილი გახდა, რომ მილანის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი თანამდებობაზე რჩება. 

ასევე ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა კი წერს, რომ ახალი, ერთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ იბრა მილანის ხელმძღვანელებს 6 მილიონ ევროს სთხოვს. ამავდროულად, მისი ინფორმაციით, მილანის შეფს შვედისთვის 4 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს.

როგორც ირკვევა,  პიოლი და ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ცდილობენ, გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი იბრასთვის კონტრაქტის გაგრძელებაში დაარწმუნონ.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში ზამთარში დაბრუნდა. სერია A-ს ამ სეზონის 16 მატჩში მან 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ზლატანს მილანთან არსებული კონტრაქტი აგვისტოს ბოლოს უმთავრდება.

კარიერის განმავლობაში ზლატანი მალმიოში, აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, პარი სენ-ჟერმენში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ლოს ანჯელეს გელექსიში თამაშობდა. კარიერის 759 შეხვედრაში მას 464 გოლი და 184 საგოლე პასი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები