Thumbnail

ფიჯის რაგბის კავშირმა (FRU) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფიჯის ეროვნული ნაკრები ახლოსაა ექსპერიმენტულ ექვს ერში ჩართვასთან...

"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობამდე. ამავე დროს, სუპერ რაგბიში ახალი ზელანდია და ავსტრალია კარზე გვიკაკუნებენ. ეს პერსპექტივაში დიდ შესაძლებლობებს ნიშნავს ფიჯის რაგბისთვის. წარსულში ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო", - ვკითხულობთ ფიჯის რაგბის განცხადებაში. 

როგორც ხედავთ, ექსპერიმენტული ექვსი ერის იდეა, სწრაფი ტემპით რეალური ხდება. 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში ექვსი ერის არარიგითი ტურნირი გაიმართება, რომელიც იმითაც იქნება განსხვავებული, რომ იქ 2 ნაკრებს მიიწვევენ. შესაბამისად, იცვლება ფორმატიც - ნაკრებები 2 პულში (ჯგუფი) გადანაწილდებიან, რომელიც ერთ წრედ (3 ტური) ჩატარდება. 5 დეკემბერს ახალი ექვსი ერის ფინალი გაიმართება. ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა საუბარია სამ ნაკრებზე, რომელთაგანც ტურნირზე ორს მიიწვევენ: საქართველო, ფიჯი და იაპონია. 

ექვსი ერის ორგანიზაციამ უნდა აირჩიოს, ან საქართველო ან იაპონია

ირლანდიელი ჟურნალისტის, ვილ ო'კალაჰანის ინფორმაციით, ექვს ერზე ფიჯისა და საქართველოს ნაკრებებს ამატებენ. კიდევ ერთი ირლანდიური წყარო, RugbyLAD წერს: "ფიჯის გარდა, მეორე ნაკრები, რომელიც დროებით გაფართოებულ ექვს ერს შესაძლოა, დაემატოს იაპონიაა, რომელთანაც ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ამ მხრივ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებია, სხვა ვერსიებით მეორე გუნდი საქართველოს ნაკრებია". 

როგორც ხედავთ, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ბუნდოვან სიტუაციას ცოტა ნათელი მოეფინა. თუ ადრე საუბარი იყო სამი ნაკრებიდან (ხანდახან აშშ-საც ახსენებდნენ) ორის დამატებას. ახლა სიტუაცია ასეთია: 6 ერს ემატება ფიჯი და ან საქართველო ან იაპონია. 

შეგახსენებთ, რომ დამატებითი ექვსი ერის ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო, გახდა შესაძლებელი - ნოემბრის ტესტებზე ევროპაში სამხრეთული ნაკრებები ვერ ჩადიან. გუშინ მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ ექვს ერზე მიწვეული ნაკრებებიც იქნებიან და ტურნირის სავარაუდო თარიღებიც დაადგინა. ამ გადაწყვეტილებას, ჯერ მხოლოდ რეკომდაციის ძალა აქვს, ის 30 ივლისის საბჭოზე უნდა დამტკიცდეს. რომელ ნაკრებებს მიიწვევს ექვსი ერი, ეს მსოფლიო რაგბის კომპეტენციაში არ შედის, ექვსი ერის ორგანიზაციის გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ POPSPORT საქართველოს ნაკრების ექვს ერში მიწვევაზე ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში წერდა. მაშინ ეს იდეა პირველად ინგლისის რაგბის კავშირის შეფმა გააჟღერა.

კომენტარები

ბოლო ამბები