Thumbnail
  • სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრებები ნოემბერში ევროპას ვერ ესტუმრებიან
  • ექსპერიმენტული ექვსი ერის იდეა სულ უფრო რეალური ხდება

როგორც მოსალოდნელი იყო, 21 ივლისს პრესკონფერენციაზე სამხრეთ აფრიკის რაგბის შეფმა იურიე რუმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ტესტ-მატჩი მსოფლიო თასის გამარჯვებულ "ქურციკებსა" და "ბორჯღალოსნებს" შორის გაუქმებულია...

მეტიც, სამხრეთ აფრიკის ნაკრები 2020 წელს ერთ საშინაო მატჩსაც ვერ გამართავს. იმედად რჩება მხოლოდ რაგბი ჩემპიონშიპი - ექვსი ერის ანალოგიური ტურნირი სამხრეთ ნახევარსფეროს 4 მოწინავე ქვეყანას შორის (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა და არგენტინა). 

ეს ტურნირი ტრადიციული ფორმატით, ვერ გაიმართება, თუმცა ახალზელანდიელებს სათადარიგო ვარიანტი აქვთ შეგულებული - შინ, ეგრეთ წოდებულ "ბიო-ბაბლში" სამივე ქვეყნის ნაკრებს მიიწვევენ და ტურნირს ახალ ზელანდიაში გამართავენ, რომელიც კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყანადაა გამოცხადებული. ეს დაახლოებით NBA-ს ბაბლის ანალოგიაა - მოგეხსებებათ, 22 კლუბი ორლანდოს დისნეილენდის ბაბლშია შეკრებილი და სეზონის განახლებისთვის ემზადება. 

საქართველო საფრანგეთს სენტ ეტიენში 7 ნოემბერს ესტუმრება

ამ ყველაფრიდან კი ცხადი ხდება, რომ ნოემბრის ტესტები ტრადიციული გაგებით, არ შედგება - სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდები ევროპას ვერ ეწვევიან. ასე რომ, ინგლისის რაგბის კავშირის იდეა, წესით, უნდა ამოქმედდეს - ნოემბერ-დეკემბერში ექსპერიმენტული ექვსი ერის გამართვაზე, რომელშიც 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას ორ ჯგუფად. ექვსი ერი ორი ნაკრების მიწვევას აპირებს. კანდიდატი სამია: საქართველო, იაპონია და ფიჯი. 

ამასთან, ფრანგული რაგბის შეფმა და მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა დაადასტურა, რომ ექვსი ერის გადადებული მატჩი საფრანგეთსა და ირლანდიას შორის 31 ოქტომბერს, ჰელოუვინზე, "სტად ფრანსეზე" გაიმართება. 

იმ შემთხვევაში, თუ ექვს ერზე საქართველოს ნაკრებს მიიწვევენ, შესაძლოა, "ბორჯღალოსნების" ტესტები 7 ნოემბერსა (საფრანგეთთან) და 21 ნოემბერს (ფიჯისთან შინ) ექსპერიმენტული ექვსი ერის ეგიდით გაიმართოს და ჯგუფში კიდევ ერთი ქვეყანა დაემატოს (ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალიიდან), დანარჩენმა ოთხმა ქვეყანამ კი მეორე ჯგუფი შეადგინოს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია. ექვსი ერი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები