Thumbnail
  • თბილისის გრან პრიზე მასპინძლების ტრიუმფი გრძელდება.
  • ტურნირის მეორე დღეს ვაჟთა ორივე ფინალი "ქართული" იქნება.
  • ჩვენ ვაჟებს მხარი გოგონებიდან მარიამ ჭანტურიამაც აუბა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე მეორე საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები ვაჟთა შორის -73 და -81, გოგონათა შორის კი -63 და -70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაიმართა. 

საქართველოს ნაკრებიდან ოლიმპიურ სასახლეში მედლებისთვის ბრძოლას ხუთი ვაჟი და ერთი გოგონა აგრძელებს. ფინალური ბლოკი 16:00-იდან დაიწყება.

-73 კგ-ის ფინალში ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი დაუპირისპირდებიან. ამავე წონაში ომარ ნიაზაშვილმა და ნიაზ კაპანაძემაც იასპარეზეს, მაგრამ გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს. ნიაზაშვილი რეპეშაჟში შვეიცარიელ ნილს სტამპთან დამარცხდა, კაპანაძემ კი მხოლოდ სასტარტო შეხვედრის მოგება მოახერხა.

ქართული ფინალი იქნება -81-შიც, ოღონდ იქ ოქროს მედლისთვის თამაზ კირაკოზაშვილს მეტოქედ პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე ჰყავს. ამავე წონაში ბრინჯაოსთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ნუგზარ ტატალაშვილი და კობა მჭედლიშვილი. ამ უკანასკნელმა მანამდე რეპეშაჟში გზიდან ზებედა რეხვიაშვილი ჩამოიცილა. 

დღეს გამომსვლელი ჩვენი გოგონებიდან ბრინჯაოს მედლისთვის მარიამ ჭანტურია (-70) იჭიდავებს. მისი მეტოქე გერმანელი ცაუნდრა დიდრიხი იქნება. ამავე წონაში სასტარტო შეხვედრა დათმო ელისო სისაურმა, 63-ში კი მხოლოდ სასტარტო შეხვედრის მოგება შეძლო მზია ბებოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისური ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაისაკუთრეს. გრან პრის გამარჯვებულები ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) და ვაჟა მარგველაშვილი (-66) გახდნენ. ვიცე-ჩემპიონობას ამირან პაპინაშვილი (-60) დასჯერდა, ამავე წონაში ბრინჯაო კი თემურ ნოზაძესა და ლაშა ჩადუნელს დარჩათ.

► თბილისის გრან პრი: ოთხი ქართული მედალი 60 კგ. წონით კატეგორიაში

► თბილისის გრან პრი: კიდევ ერთი ოქრო - ვაჟა მარგველაშვილმა ფინალიც მოიგო

კომენტარები

ბოლო ამბები