Thumbnail

‘ისედაც ყველამ ვიცით საუკეთესო ვინაა’ – ბარსელონა ოქროს ბურთის გაუქმებაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ესპანური ბარსელონა ორიგინალურად გამოეხმაურა გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ 2020 წელი ოქროს ბურთის ტრადიციული დაჯილდოების გარეშე ჩაივლის.

კატალონიურმა გრანდმა სოციალურ ქსელში ლიონელ მესის ფოტო გაავრცელა, სადაც ის ექვს ოქროს ბურთთან ერთად პოზირებს. მრავლისმეტყველია მინაწერი:

“ყველაფერი გვესმის. ამასთან, ყველამ იცის საუკეთესო ვინაა”.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ვარსკვლავს პრესტიჟული ჯილდო 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში აქვს მიღებული.

2008-2017 წლებში ოქროს ბურთს მხოლოდ მესი და რონალდო ინაწილებდნენ, შარშანწინ კი, პრიზი მოულოდნელად ხორვატ ლუკა მოდრიჩს გადაეცა, რომელმაც რონალდოს გაუსწრო, მესი კი საერთოდაც მე-5 ადგილზე დარჩა.

ინფორმაცია, რომ წლეულს ოქროს ბურთის მფლობელი არ დასახელდება, დღეს გავრცელდა. მიზეზი ნათელია – კორონაკრიზისი. ეს არის პირველი შემთხვევა ჯილდოს 64-წლიან ისტორიაში, როდესაც პრიზი არავის გადაეცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები