Thumbnail

ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა Marca-მ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში დებიუტანტთა სიმრავლეზე დაწერა და ლევანტეს ლეგიონერ გიორგი ქოჩორაშვილზეც ისაუბრა, საქართველოს კი ეგზოტიკური საფეხბურთო ქვეყანა უწოდა.

მადრიდული გაზეთი თავიდანვე ამახვილებს ყურადღებას, რომ 2019-20 წლების სეზონში მინდორზე რეკორდულად ბევრი დებიუტანტი ვიხილეთ, რაც იოლი ასახსნელია. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, სხვა ჩემპიონატების მსგავსად, ლა ლიგაშიც შემჭიდროვებული კალენდარი შეიმუშავეს. ამგვარად, კლუბებს თამაში ლამის ყოველ სამ დღეში უწევთ, ეს კი, დამატებით რესურსებს მოითხოვს.

შედეგად, 12-მა ფეხბურთელმა იძულებითი ლოკდაუნის შემდეგ უკვე უფრო მეტი ითამაშა, ვიდრე პანდემიამდე ჩატარებულ 27 ტურში, სადებიუტო მატჩები კი, ლა ლიგის კლუბების ერთბაშად 17-მა ფეხბურთელმა ჩაატარა, რომელთა შორის 21 წლის გიორგი ქოჩორაშვილიც მოხვდა. Marca-მ მისი აზრით გამორჩეულ დებიუტანტებს ცალ-ცალკე ქვეთავები მიუძღვნა, საქართველო კი პანამას შეუწყვილა, რადგანაც ისინი ექზოტიკურ საფეხბურთო ქვეყნებს მიაკუთვნა. აი, რას წერს ესპანური გაზეთი:

“გლობალიზაციის შედეგად, ესპანურ ლიგაში ფეხბურთელები უამრავი ქვეყნიდან მოდიან. მათგან ბევრი საკმაოდ ეგზოტიკურია. მაგალითად, ხოსე ლუის როდრიგესი ალავესიდან, რომელიც სებასტიანი კომპანის, რომელ ფერნანდესის, დელი ვალდესის, ჯოის მორენოსა და რობერტო ჩენის შემდეგ, ლა ლიგაში მე-6 პანამელი ფეხბურთელია. აი, ლევანტემ კი 21 წლის ქართველი გიორგი ქოჩორაშვილი ათამაშა, რომელიც მისი ქვეყნის მე-3 წარმომადგენელია. მანამდე, ლა ლიგაში შოთა არველაძე (იგივე ლევანტე) და გიორგი დემეტრაძე (სოსიედადი) გვინახავს”.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი 12 ივლისს ბილბაოსთან ჩაატარა. გიორგი 43-ნომრიანი მაისურით მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა და მსაჯის მიერ დამატებულ დროსაც თუ გავითვალისწინებთ, მინდორზე 5 წუთი გაატარა. ის თბილისის საბურთალოს აკადემიის აღზრდილია, ლევანტეს მთავარ გუნდამდე კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა, მანამდე კი, კიდევ ერთი ესპანური გუნდის ჟირონას სკოლა გაიარა. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე შესაძლოა დღესაც ვიხილოთ, როდესაც მისი გუნდი ვიგოში სელტას ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები