Thumbnail
  • 'ჯერჯერობით, ამის თაობაზე რაიმე ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია'
  • ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ბოლოდროინდელ ამბებზე პირველი კომენტარი გააკეთა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა 6 ერის ექსპერიმენტული ტურნირის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ირლანდიური და ფრანგული ვებ-გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წლეულს შემოდგომაზე დაგეგმილ შეჯიბრზე მიწვეული ნაკრებების რანგში, შესაძლოა, საქართველო და ფიჯი ვიხილოთ.

“ეს პოზიტიური ინფორმაციაა და მოვლენების ამგვარი განვითარება ძალიან კარგი იქნება, თუმცა, ჯერ მხოლოდ არაოფიციალური საუბრებია. არც მსოფლიო რაგბისგანა და არც 6 ერის ხელმძღვანელობისგან აღნიშნულის თაობაზე რაიმე შეტყობინება არ მიგვიღია. ჯერჯერობით, მხოლოდ კერძო პირების მოსაზრებებს ვისმენთ. თუკი ყველაფერი საჩვენოდ წარიმართა, ეს ნამდვილად ჩინებული შესაძლებლობა იქნება. უმაღლესი დონის ნაკრებებთან თამაში უდავოდ ძალიან წაგვადგება”.

ლევან მაისაშვილი

Rugger.info-სთან ინტერვიუში მაისაშვილმა ამჟამად ბორჯღალოსანთა რიგებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა:

“მზადების პროცესში მუდმივად გარკვეულ პრობლემებს ვხვდებით, რადგანაც ეროვნული გუნდის ნაწილი საფრანგეთშია, ნაწილი კი – საქართველოში. პანდემიის გამო, ყველა ტურნირი შეჩერებულია და ბიჭებს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. საქართველოში მყოფები უკვე 7 კვირაა ვარჯიშობენ. მათ შორის 90% ბექია, ასევე შერკინების მე-2 ხაზი კოტე მიქაუტაძის გარეშე და 2 ლეგიონერი კვაჭი. ეს ჯგუფი უკვე კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და ახლა, ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ. თუმცა, ეს მხოლოდ წვრთნებია, ჩვენ კი თამაშები გვჭირდება. ლეგიონერთა უმეტესობა საფრანგეთშია, იმედია, ამ ქვეყანაში მატჩები დროულად განახლდება და ისინი პრაქტიკას მიიღებენ. როგორც არ უნდა იყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ოფიციალურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ”.

შეგახსენებთ, რომ 6 ერის ექსპერიმენტულ ტურნირის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, საზაფხულო ტესტები ჩაშლილად გამოცხადდა და ჯერაც უცნობია, რა ბედი ეწევა საშემოდგომო თამაშებს. პირველად Irishtimes-მა დაწერა, რომ ექსპერიმენტულ შეჯიბრში ინგლისს, ირლანდიას, უელსსს, შოტლანდიას, საფრანგეთსა და იტალიას საქართველო და ფიჯი უნდა დაემატნონ. 8 ნაკრები ორ ჯგუფში გადანაწილდება, ფინალისტები კი, 5 დეკემბერს ფინალში ითამაშებენ. მსოფლიო რაგბიმ ამ ტურნირზე და ზოგადად, მიმდინარე წლის კალენდარზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს.

კომენტარები

ბოლო ამბები