Thumbnail
  • კოხრეიძე, ქიმაძე და გრიგალაშვილი დისკვალიფიცირებულნი არიან
  • დისციპლინის დამრღვევებს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩებში მომხდარი ინციდენტები განიხილა და 3 ფეხბურთელი დასაჯა, მათ შორის, 2 - ფურთხებისთვის.

პირველი შემთხვევა, რომელზეც სხდომის მიმდინარეობისას იმსჯელეს, საბურთალო-თელავის მატჩის 75-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი გახლდათ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, მატჩის ვიდეო-ჩანაწერის ანალიზის შემდეგ, არასპორტული საქციელის (შეფურთხება) გამო, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კლუბ საბურთალოს ფეხბურთელს გიორგი კოხრეიძეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2 ათას ლარიანი ფულადი ჯარიმა განესაზღვრა. ცნობისთვის, კოხრეიძეს თელაველთა ლეგიონერის რაფაელ ჩუკვურას ხისტი თამაში არ მოეწონა და ნიგერიელს სამაგიერო ფურთხებით გადაუხადა.

გიორგი კოხრეიძე (10) თელავთან მატჩში
📷 | სკ თელავი

ამას გარდა, სხდომაზე ტორპედო-დინამო თბილისის მატჩის 68-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს. დინამოს ფეხბურთელ გიორგი ქიმაძეს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასპორტული საქციელისთვის (შეფურთხება) სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 2 400 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელს თორნიკე გრიგალაშვილს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 400 ლარის ოდენობით დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 5 ტურის თავზე 11 ქულით გორის დილა ლიდერობს, დინამო თბილისს 9 ქულა აქვს, საბურთალო კი 8 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. მე-6 ტური სტარტს, 16 ივლისს, თელავისა და ჩიხურას მატჩით აიღებს, შემდეგ კი 2 გამორჩეული თამაშიც გველის: 18 ივლისს, დინამო ბათუმი-ტორპედო და 19-ში – დინამო თბილისი-დილა.

კომენტარები

ბოლო ამბები