Thumbnail

'უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებ' - ქოჩორაშვილის ემოციები ლა ლიგაში დებიუტზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში დებიუტზე ისაუბრა
  • გიორგი 12 წლის შემდეგ პირველი ქართველია, ვინც ლა ლიგაში ითამაშა

გიორგი დემეტრაძე, შოთა არველაძე და ახლა უკვე გიორგი ქოჩორაშვილი. სულ რაღაც სამი დღე გავიდა, რაც 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ესპანურ ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა. ლევანტეს მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ბილბაოსთან თამაშის შანსი მისცა და გიორგის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში დებიუტთან დაკავშირებით ვალენსიური კლუბის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სწორედ იმ ემოციების შესახებ ისაუბრა, რაც დებიუტის მომენტში დაეუფლა.

გიორგი მესამე ქართველია, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა

ახდენილი ოცნება

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევანტეში დებიუტის შესაძლებლობა მომეცა. ჩემთვის ბავშვობიდანვე ოცნება იყო ლა ლიგაში თამაში და მიზანს მივაღწიე, მაგრამ ახლა უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებ.“

ბედნიერი ადამიანები

“იმ მომენტში, როდესაც მოედანზე შევედი, არაფერზე ვფიქრობდი. როდესაც თამაში დასრულდა, დამწუხრებული ვიყავი, რადგან მატჩი წავაგეთ. თუმცა, როდესაც თანაგუნდელების, მეგობრების, უფროსების მილოცვები მივიღე, დავმშვიდდი და ბედნიერი ვიყავი. ბევრი ადამიანი ვნახე, რომლებიც ჩემი დებიუტით ბედნიერები იყვნენ.“

რჩევა თანაგუნდელისგან

“პირველ გუნდთან თვენახევრის განმავლობაში ვვარჯიშობდი და მინდორზე ყველაფერს ვდებდი. ვხურდებოდი და ვიცოდი, რომ თამაშში ჩართვის შანსი მექნებოდა. 87-ე წუთზე, როდესაც პაკო ლოპესმა დამიძახა, ჩემს გვერდით გონსალო მელერო იყო და მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი და სიამოვნება მიმეღო.“

ლევანტე - იდეალური ტრამპლინი

“18 წლის ვიყავი, როდესაც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ვითამაშე. მოგვიანებით, 2 წელი ჟირონაში გავატარე და მივიღე ლევანტესგან შეთავაზება. ძალიან კარგი გუნდია განვითარებისთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, ისე ადამიანისთვის, აქ საოცარი ხალხი მუშაობს. მოედანზე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. მომწონს ბურთთან კონტაქტი, მანევრირება და გუნდს ვეხმარები როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი თბილისის საბურთალოს აკადემიის აღზრდილია. ლევანტეს მთავარ გუნდამდე ის ჯერ კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა, ხოლო მანამდე კიდევ ერთი ესპანური გუნდის, ჟირონას სკოლა გაიარა.

კომენტარები

ბოლო ამბები