Thumbnail

19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კლუბი შეიცვალოს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ტალანტი ამჟამად ყაზანის რუბინში თამაშობს და სეზონი ისე ძლიერად დაიწყო, რომ მისდამი ინტერესმა იმატა.

Матч ТВ-ის ცნობით, კვარაცხელიაც გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი კრასნოდარი, რომელიც ამჟამად 48 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.

როგორც ირკვევა, კრასნოდარელებს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გადაბირება 2019 წელსაც სურდათ, თუმცა, მაშინ ხვიჩას სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა გადამეტებულად ეჩვენათ. მას შემდეგ კვარაცხელიას ფასმა კიდევ უფრო იმატა, თუმცა, კრასნოდარში მის საჭიროებაშიც მეტად დარწმუნდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია ცსკა-სთან მატჩშიც საუკეთესო იყო

რუბინის მთავარ მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის ქართველი ნახევარმცველის შენარჩუნება ძალიან უნდა, თუმცა, ბევრი რამ კრასნოდარის შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული. Матч ТВ-სვე ცნობით, ხვიჩას თაობაზე ყაზანელებს ერთ-ერთმა ესპანურმა კლუბმაც მიმართა, თუმცა, ამ შემთხვევაში მეტი კონკრეტიკა არ გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერი რუბინს მოსკოვის ლოკომოტივიდან შეუერთდა და მისი კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე გათვლილი. იწერებოდა, რომ ყაზანელებმა ფეხბურთელის აგენტს 3 მილიონი ევრო გადაუხადეს, თავად ხვიჩას კი 500 ათასი ერგო. რუბინში კვარაცხელიას ხელფასი თვეში 30 ათასი ევრო უნდა ყოფილიყო შემდგომი გაზრდით 50 ათასამდე.

Transfermarkt-ის ცნობით, ქართველი ლეგიონერის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 2.3 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას მონაგარი 3 გოლი და 4 საგოლე პასია და ამ მხრივ, ის რუბინის საუკეთესო ფეხბურთელია. გასულ ტურში ხვიჩამ მოსკოვის ცსკა-სთან მატჩში პენალტი მოიპოვა, ყაზანელებმა კი ქულის აღება და პრემიერლიგაში დარჩენა მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები