Thumbnail

ქართველი მორაგბის მძიმე ტრავმა რუსეთში - ორმა შებოჭა, ორიც ზევიდან დაახტა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დავით მესხი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში მოხვდა
  • 22 წლის ქართველი ლეგიონერი დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებს

რუსული ენისეის 22 წლის ქართველი მორაგბე დავით მესხი მძიმედ დაშავდა და მინდორზე გასვლას დაახლოებით 1 თვე ვერ შესძლებს. 

ქართველმა გარემარბმა ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო, როდესაც მისი გუნდი ვვა-პოდმოსკოვიეს ეთამაშებოდა. შეხვედრის მე-20 წუთზე მესხი გაჯიევისა და ბაბაევის ორმაგი ბოჭვის არეში მოექცა, იქვე კი, დავითს ზევიდან კიდევ 2 მეტოქე დაახტა.

ყველაფერი ამ ბოჭვას მოჰყვა

ქართველი ლეგიონერი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს, საავადმყოფოში კი მას ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. წინასწარი ინფორმაციით, მესხს იძულებითი უქმობა მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში მოუწევს.

უკეთეს შემთხვევაში, დავითი მწყობრში რუსეთის ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის დასკვნითი 2 მატჩისთვის იქნება, როდესაც ენისეი მეტალურგსა და ცსკა-ს ეთამაშება.

მიმდინარე სეზონში მესხმა ენისეის მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და მის აქტივში 2 ლელოა. ქართველი მორაგბის გუნდს გასული 4-ვე თამაში მოგებული აქვს და 19 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, შემდეგი მატჩი კი 24 ივლისს სლავასთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები