Thumbnail
  • მილანი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის
  • გუნდში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი
  • ნაპოლისთან მატჩის წინ პაოლო მალდინიმ ისევ მკაცრი კომენტარი გააკეთა

ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში მილანმა უშუალო კონკურენტ ნაპოლისთან 2:2 ითამაშა და პირდაპირ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის ბრძოლაში დარჩა. თუმცა ‘როსონერის’ გარშემო მთავარ თემად გერმანელი მწვრთნელი რალფ რანგნიკი რჩება, რომელსაც მილანში ერთდროულად მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას უწინასწარმეტყველებენ.

📺 ვიდეო: ნაპოლი 2:2 მილანი (მიმოხილვა)

ნაპოლისთან მატჩის წინ, მილანის ლეგენდა პაოლო მალდინიმ, რომელიც ახლა კლუბის ტექნიკური დირექტორია, კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი აზრი რანგნიკთან დაკავშირებით და არ დამალა, რომ გერმანიაში ‘პროფესორ რალფად’ წოდებული სპეციალისტის მილანში მიყვანას ძალიან სკეპტიკურად უყურებს.

“სიამოვნებით გავიმეორებ იმას, რაც რალფ რანგნიკზე იანვარშიც ვთქვი,” - განუცხადა მალდინიმ Sky Italia-ს. მაშინ მალდინიმ აღნიშნა, რომ რანგნიკი მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ღირსეული კანდიდატი არ არის.

დიდი ხანია, იწერება, რომ რალფ რანგნიკის მილანში მისვლა გადაწყვეტილია

“პირადად ამ ადამიანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არ მომწონს მისი მეთოდები,” - დასძინა მალდინიმ და კლუბის და საკუთარი მომავლის შესახებ სხვა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. აღსანიშნავია, რომ მალდინის პოზიციები მილანში ძალიან დასუსტებულია. კლუბის გენერალური მენეჯერი ივან გაზიდისი მის აზრს არ ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ რანგნიკისა და მილანის შეთანხმების შესახებ მარტში აქტიურად იწერებოდა. მაშინ ‘როსონერის’ სპორტულმა დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა გუნდში რალფის მიყვანის იდეა საჯაროდ გააკრიტიკა, რის გამოც ბობანი გაათავისუფლეს. ამ ფაქტმა ყველა დაარწმუნა, რომ გერმანელის დანიშვნა რეალური იყო. რანგნიკის შესახებ ყოველთვის კრიტიკულად საუბრობს პაოლო მალდინიც, რომელმაც მაისში განაცხადა, გერმანელი სრულ ძალაუფლებას ითხოვსო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები