Thumbnail

სკანდალი გერმანიაში - ნოიერმა ხორვატიაში ფაშისტური ჯგუფის სიმღერა იმღერა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მანუელ ნოიერი შვებულებას ხორვატიაში ატარებს
  • ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მღერის სკანდალურ სიმღერას

საინტერესოა, იცის თუ არა მანუელ ნოიერმა, რას მღერის ხორვატ მეგობრებთან ერთად?

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ნამდვილად სკანდალურია იმ შემთხვევაში, თუკი ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების მეკარემ იცოდა, რა სიმღერას მღეროდა. ვიდეო შაბათს საღამოსაა გადაღებული.

ბაიერნის მეკარე ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, დუბროვნიკში იმყოფება. ნოიერი იქ თავის მეგობარ ტონი ტაპალოვიჩთან ერთადაა. მანუელი და ტონი სანაპიროს ბარში, სხვა სტუმრებთან ერთად ხორვატულ ენაზე სიმღერას მღერიან.

წლებია, ეს როკ-ჯგუფი ხორვატული ფაშიზმის განდიდებასთანაა დაკავშირებული

ამ სიმღერას ჰქვია “Lijeba li si”, რაც ასე ითარგმნება: “რა ლამაზი ხარ.” თითქოს ისეთი არაფერი, ხორვატიისთვის სიყვარულის ახსნას ჰგავს. საქმე ისაა, რომ სიმღერის ავტორია მარკო პერკოვიჩი - რადიკალურად მემარჯვენე ჯგუფ Thompson-ის ფრონტმენი. ეს სახელი ბენდს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ ‘ტომპსონის’ გამო დაარქვეს. წლებია, ეს როკ-ჯგუფი ხორვატული ფაშიზმის განდიდებასთანაა დაკავშირებული. მათ კონცერტებზე ხშირად იყენებენ ჰიტლერის მისალმებას, მღერიან ფაშისტურ სიმღერას “Jasenovac i Gradiška Stara”, რომელიც იასენოვაცისა და სტარა გრადისკას საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელებისა და სერბების დახოცვას (მე-2 მსოფლიო ომის დროს) ამართლებს და აქებს. კონცერტების გაუქმების შემდეგ, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შესვლა აეკრძალა - მათ შორის შვეიცარიასა და ნიდერლანდებში.

📺 ვიდეო: ნოიერის სკანდალური სიმღერა ხორვატიაში 

ხორვატიაში ნოიერის სიმღერით აღფრთოვანებულები არიან, ბოსნია-ჰერცოგოვინაში კი - აკრიტიკებენ, რადგან სიმღერაში Herceq Bosna არის ნახსენები, სადაც ბოსნიის ომის დროს ეთნიკური წმენდა იყო.

რა კავშირები აქვს ნოიერს ხორვატიაში? ბაიერნის მეკარემ შვებულება შარშანაც იქ გაატარა. ტონი ტაპალოვიჩი მისი უახლოესი მეგობარი და მეჯვარეა. ამიტომაც, გერმანული მედია წერს, რომ მას უნდა სცოდნოდა, ვის სიმღერას მღეროდა. ნოიერის მენეჯმენტმა გაზეთ ‘ბილდს’ კომენტარზე უარი უთხრა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მანუმ ხორვატული ენა არ იცის.

ტაპალოვიჩთან მანუს იმდენად ახლო მეგობრობა აკავშირებს, რომ ბაიერნთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებების დროს პირდაპირ მოითხოვა, რომ მისი მწვრთნელი კვლავ ტაპალოვიჩი უნდა ყოფილიყო. 39 წლის ხორვატი მანუელის მწვრთნელი ჯერ კიდევ შალკეს ბავშვთა გუნდში იყო...

კომენტარები

ბოლო ამბები