Thumbnail
  • ხვიჩა ამჯერადაც საუკეთესოთა შორის იყო
  • გოლის გატანა ზურიკო დავითაშვილსაც შეეძლო

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში ყაზანის რუბინი მოსკოვში ცსკა-ს დაუპირისპირდა და ქულის მოპოვება მოახერხა - 1:1. მასპინძლები ჩალოვმა დააწინაურა, ხოლო 87-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და მარკოვმა გაათანაბრა.

ხვიჩამ მცველი ეფექტურად მოატყუა და მეტოქეს სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ჩვენებური წაექცია. აღსაიშნავია, რომ მატჩის არბიტრმა ქართველი ფეხბურთელი თავდაპირველად სიმულაციაში დაადანაშაულა და გაფრთხილებითაც დასაჯა, თუმცა, საქმეში VAR-ი ჩაერია და მსაჯმაც გადაწყვეტილება შეცვალა: ყვითელი ბარათი გააუქმა და 11-მეტრიანი დანიშნა.

კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა და ძალიან აქტიურიც იყო, ცსკა-ს ფეხბურთელებმა მის წინააღმდეგ 3 ყვითელი ბარათი მიიღეს. ზურიკო დავითაშვილს რაც შეეხება, მოედანზე 78-ე წუთიდან გამოჩნდა და ერთხელ მასთან უხეშობისთვის გააფრთხილეს მოსკოველთა ფეხბურთელი. ზურიკოს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ცსკა-ს გოლკიპერმა აკინფეევმა მოიგერია.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 25 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე აქვს, დავითაშვილმა კი 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა. რუბინი 34 ქულით მე-9 ადგილზეა და პრემიერლიგაში ადგილი დღევანდელი მატჩის შემდეგ ოფიციალურად შეინარჩუნა.

კომენტარები

ბოლო ამბები