Thumbnail
  • ბუდუ ზივზივაძე მომდევნო სეზონიდან ფეჰერვარისთვის შეუტევს
  • ქართველი ფორვარდი უნგრეთშიც ბომბარდირობისთვის იბრძოლებს

ქართველმა ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ორი დღის წინ კონტრაქტი უნგურულ ფეჰერვართან ოფიციალურად გააფორმა. 26 წლის თავდამსხმელმა ინტერვიუ კლუბის ვებგვერდს მისცა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. ბუდუ მიიჩნევს, რომ კარიერაში ნაბიჯი წინ გადადგა და მომდევნო სეზონში ბომბარდირობასთან ერთად ყველა ტიტულის მოგება უნდა.

ბავშვობიდან გაცნობიერებულად ემზადებოდით პროფესიონალური კარიერისთვის?

დიახ, შეიძლება ითქვას, რომ პატარაობიდანვე ჩემი ოცნება იყო, ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ჩემი ოჯახიდან ამის მაგალითი არ მქონდა, რადგან სპორტით არავინ იყო დაკავებული. თავად ყოველდღე ვთამაშობდი ფეხბურთს სხვა ბიჭებთან ერთად, როდესაც მეზობელმა შემამჩნია და მისი შემოთავაზებით, კიდევ უფრო სერიოზულად დავიწყე ამაზე ფიქრი.

უნგრეთში ხალხმა ცოტა რამ იცის საქართველოზე. როგორ აღწერთ რამდენიმე წინადადებით თქვენს ქვეყანას?

საქართველო მშვენიერი ქვეყანაა და ამას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამბობ. ყველას მოვუწოდებ თუ გაქვთ შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ეწვიეთ საქართველოს. სამწუხაროდ, 12 წლის წინანდელმა ომმა ქვეყნის იმიჯს კარგი ვერაფერი მოუტანა, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ქართველი ხალხი ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარეა, ჩვენი სამზარეულო მრავალფეროვანი და გემრიელია. მთავარი მიმზიდველობა ქართული ღვინოა. ერთი წელია რაც უნგრეთში ვცხოვრობ და ეს ორი ქვეყანა მრავალი ასპექტით გავს ერთმანეთს, რადგან უნგრეთიც ძალიან ლამაზია. ვიცი, რომ აქაური ღვინოებიც ძალიან ცნობილია და ხალხი მეგობრულია. 

უნგრეთი თქვენი პირველი უცხოური გაჩერება არაა. ადრე დანიაში იყავით...

დიახ, 23 წლის ასაკში მომეცა საშუალება დანიაში მეთამაშა. იმ დროისთვის პროფესიონალურ ფეხბურთში 5 წელი მქონდა გატარებული, რადგან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი საქართველოში 18 წლის ასაკში გავაფორმე. ჯერ თბილისის დინამოს მეორე გუნდში ვიყავი, შემდეგ ქუთაისის ტორპედოში, სამტრედიაში, სადაც 2016 წელს ჩემპიონი და ბომბარდირი გავხდი. დანიური პერიოდი ჩემს კარიერაში არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ საქართველოში დავბრუნდი, სადაც 2018 წელს ისევ ბომბარდირი გავხდი.

ახალი გამოწვევა ბუდი ზივზივაძის კარიერაში

გასულ სეზონში უნგრეთშიც გაიტანეთ გოლები...

საბედნიეროდ, აქ უკეთ შევძელი ადაპტაცია, ვიდრე - დანიაში. მეზოკოვეშდში გოლებიც გავიტანე, მაგრამ მაინც მაქვს სინანულის გრძნობა, რადგან თასის მოგება და ჩემპიონატში სამეულში მოხვედრა მინდოდა.

ფეჰერვარში რა გეგმები გაქვთ?

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერას ისეთი დიდი ისტორიის გუნდში გავაგრძელებ, როგორიც ფეჰერვარია. როგორც ვთქვი, საქართველოში ჩემპიონიც გავხდი და ორჯერ ბომბარდირიც. არ უარვყოფ, იგივე მიზნები მაქვს აქაც. მიყვარს გოლების გატანა, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდური წარმატებაა. დარწმუნებული ვარ, შემიძლია გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო კარგი თამაშით, გოლებით და საგოლე პასებით. ნამდვილად მსურს უნგრეთის ჩემპიონის ტიტულისა და თასის მოგება.

გარდა კლუბის შეცვლისა, ამ ზაფხულს თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ მამა გახდით.

ასეა, ჩემი პატარა ქალიშვილი ივნისის დასაწყისში დაიბადა. ის ჯერ კიდევ არ ინახავს, რადგან საქართველოში დაიბადა. თუმცა ჩემი მეუღლეც ჩამოვა უნგრეთში, მანამდე მსურს სახლი ვიპოვნო, სადაც ვიცხოვრებთ.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძის პირველი უცხოური კლუბი დანიური ესბიერგი იყო, მეზოკოვეშდში (38 თამაშში 10 გოლი) გადასვლამდე, დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოში თამაში მოასწრო, ახლა კი, ისევ უნგრეთის ჩემპიონატში იასპარეზებს. ფეჰერვარმა გასულ სეზონში 63 ქულა მოაგროვა და ქვეყნის ჩემპიონს, ლაშა დვალის ფენერცვაროშს 13 ქულით ჩამორჩა. ახალ სეზონში ვიდი უეფა-ს ევროპის ლიგაზეც სცდის ბედს. ბუდუს ახალი კლუბი უნგრეთის 3-გზის (2010-11, 2014-15, 2017-18) ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები