Thumbnail
  • მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ფინალი ზუსტად 22 წლის წინ გაიმართა
  • საფრანგეთის ნაკრებმა ბრაზილია 3:0 დაამარცხა
  • ფინალს წინ რონალდოს უცნაური ამბავი უძღოდა

ზუსტად 22 წლის წინათ, ზინედინ ზიდანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებს ბრაზილიასთან მოაგებინა და სუპერვარსკვლავი გახდა. ბრაზილიელთა სუპერვარსკვლავი რონალდო კი უჩვეულოდ ცუდად გამოიყურებოდა. რა მოხდა 1998 წლის 12 ივლისს? მაშინდელი ამბავი ‘სელესაოს’ ექს-ფეხბურთელმა სეზარ სამპაიომ გაიხსენა.

ფაბიენ ბარტეზის და რონალდოს ცნობილი შეჯახება

ფინალის წინ, როცა განაცხადები გამოქვეყნდა, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი გაოცდა, რადგან ბრაზილიელთა სიაში მთავარი კაცის გვარი არ ეწერა. ყველას უჭირდა იმის დაჯერება, რომ მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდო ფინალში არ ითამაშებდა. არადა, ბოლო ცნობებით, მას ტრავმა არ ჰქონდა.

“ფინალამდე 8 თუ 9 საათით ადრე, რონალდო სასტუმროში ძალიან ცუდად გახდა. მას კრუნჩხვის მსგავსი შეტევა ჰქონდა. ეს იყო საშინელი სცენა, ყველანი შოკში ჩავარდით. ძალიან შეგვეშინდა, რადგან ვფიქრობდით, რომ კვდებოდა,” - იხსენებს რონალდოს მაშინდელი თანაგუნდელი სეზარ სამპაიო The Blizzard-თან ინტერვიუში.

რობერტო კარლოსმა ფენომენს ენაც კი დაუჭირა და, შესაძლოა, სწორედ მან გადაარჩინა.

მოკლედ, როდესაც ბრაზილიელთა შემადგენლობა გამოცხადდა, რონალდო საავადმყოფოში იყო. სელესაოს მთავარმა მწვრთნელმა მარიო ზაგალომ ძირითად შემადგენლობაში რონალდოს ნაცვლად ედმუნდოს დაყენება გადაწყვიტა. თუმცა, ფინალის დაწყებამდე 40 წუთით ადრე, რონალდო, ყველასათვის მოულოდნელად, ბრაზილიის ნაკრების გასახდელში გამოჩნდა და თქვა, რომ მზად იყო, ეთამაშა.

რონალდომ ფინალში ითამაშა, მაგრამ ცუდად

დღემდე ვრცელდება ხმები, რომ რონალდოს თამაში ბრაზილიის მთავრობამ და ნაკრების მთავარმა სპონსორმა (Nike) აიძულეს. თუმცა რონალდო თავს ცუდად გრძნობდა და მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარ თავს არ ჰგავდა.  ფრანგებმა ზინედინ ზიდანის დუბლით და ემანუელ პეტის გოლით 3:0 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები