Thumbnail

'მიფრთხილდით, ყველას გაგანადგურებთ!' - ლებრონი მეტოქეებს ემუქრება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯეიმსი NBA-ს სეზონის განახლებისთვის ემზადება
  • ის მაისურზე რაიმე ლოზუნგის დატანას არ აპირებს

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც NBA-ს სეზონის განახლებისთვის ემზადება, მეტოქეებს გამაფრთხილებელი სიგნალი გაუგზავნა. მან შესაბამისი პოსტი ინსტაგრამის გვერდზე დადო:

“უკვე დროა კრიოგენის კამერა დავტოვო და ისევ ყველა გავანადგურო, ვინც წინ დამიდგება. მიფრთხილდით!”.

გარდა ამისა, ლებრონმა უარი თქვა ლიგის შეთავაზებაზე და მაისურზე ძველებურად თავისი გვარი ეწერება. შეგახსენებთ, რომ რასობრივი და სოციალური თანასწორობის კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელებს უფლება მიეცათ, მაისურზე ქვემოთჩამოთვლილი ლოზუნგებიდან რომელიმე დაეტანათ.

ესენია: “შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია”, “ხმა მიეცი”, “ვერ ვსუნთქავ”, “მშვიდობა”, “თანასწორობა”, “თავისუფლება”, “საკმარისია”, “ხელისუფლება ხალხს”, “სამართლიანობა ახლა”, “გაიგეთ ჩვენი”, “პატივი გვეცით”, “მოგვისმინეთ”, “აღსდექით”, “განათლების რეფორმა” და სხვა.

"მეფე ლებრონი" უკვე ორლანდოშია

ჯეიმსმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

“ის არ გაიგოთ, რომ აღნიშნულ კამპანიას რაიმეთი ვაკნინებ. პატივს ვცემ მათ, ვინც მაისურებზე დასაწერად სხვადასახვა ლოზუნგები შეარჩია, უბრალოდ, ამგვარი ქცევა ჩემს მიზნებსა და მისიას არ შეესაბამება. იმას, რასაც ვფიქრობ, ისედაც ვიტყვი და ამას ყველა ნახავს”.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 35 წლის ჯეიმსის საშუალო მონაგარი 25.0 ქულა, 10.6 პასი და 7.9 მოხსნაა, თანაც ის თამაშიდან 49%-იანი სიზუსტით ესვრის. მოსალოდნელია, რომ სეზონის MVP-ს ტიტულისთვის მთავარი კონკურენტები სწორედ ლებრონი და იანის ანტეტოკოუნმპო (მილუოკი) იქნებიან.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციას 49 მოგებით ლიდერობდა, ახლა კი, სეზონის განახლებისთვის ემზადება. ჯეიმსის გუნდი ორლანდოში დაგეგმილ ტურნირში 31 ივლისს ლოს ანჟელეს კლიპერსთან მატჩით ჩაებმება.

კომენტარები

ბოლო ამბები