Thumbnail

'ჩვენი სრული მხარდაჭერა თოკოს!' - კალათბურთელების საერთო მიმართვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარკოიშვილმა, სანიკიძემ, ცინცაძემ, შერმადინმა, ბითაძემ და სხვებმა თოკოს მიმართეს
  • კალათბურთელები შენგელიას ურჩევენ, უარყოფით კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელმაც გუშინ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსული არმიის კლუბში ტრანსფერს საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გამოითქვა აზრი, რომ ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელი ცსკა-ში არ უნდა გადასულიყო.

სხვა მოსაზრება აქვთ საქართველოს ნაკრების წევრებს. მათ შენგელიას ურჩიეს უარყოფით კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოს, ამასთან, თორნიკეს ახალ კლუბთან ერთად წარმატებები უსურვეს.

საერთო მიმართვა ეროვნული გუნდის არაერთმა მოქმედმა და ყოფილმა კალათბურთელმა გააკეთა. თავიანთი აზრი დააფიქსირეს მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ, ლაშა გამყრელიძემ, გიორგი ცინცაძემ, გიორგი შერმადინმა და გოგა ბითაძემ.

მანუჩარ მარკოიშვილი: “თოკოს ევროპულ გრანდში ტრანსფერს ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, ამდენად, გვინდოდა ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა. პირველ რიგში, თოკოს ვულოცავთ ესპანეთის ჩემპიონობას, ასევე წარმატებებს ვუსურვებ იმ ახალ გამოწვევებში, რომელიც ცსკა-ში გადასვლასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, თოკო ქართველი ქომაგის გულს კიდევ არაერთხელ გაახარებს და ქვეყნის სახელს მომავალშიც ღირსეულად დაიცავს”.

გოგა ბითაძე: “თორნიკე ევროპის ერთ-ერთ გრანდში გადასვლით ევროლიგის მოგების ძალიან დიდი შანსი ექნება. საწყენია, რომ საქართველოში ამ ტრანსფერს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. ის ამას ნამდვილად არ იმსახურებს. თორნიკე პირველ რიგში არის სპორტსმენი და თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ბევრჯერ გაახარებს. თოკოს მხარდაჭერას ვუცხადებ და წარმატებებს ვუსურვებ”.

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები