Thumbnail
  • ბარსელონა 2:2 სელტა
  • ბარსელონამ ტრავმის გამო ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი დიდი ხნით დაკარგა
  • ტრავმის გამო შეცვლა ანდრეს ინიესტამაც ითხოვა
  • ზედიზედ ორი ტურია ჩემპიონატის ლიდერი ვერ იგებს
  • მადრიდის ატლეტიკომ შინ რეალ სოსიედადი დაამარცხა - 2:1

"კამპ ნოუზე" შეკრებილი 63 ათასი მაყურებელი შინ გაწბილებული ბრუნდებოდა - სელტას ფორვარდმა იაგო ასპასმა კიდევ ერთხელ ჩაუშალა მათ ზეიმი. მოკლედ, ასპასი ნამდვილი "ბარსელონოლოგია" - ბოლო ოთხ დაპირისპირებაში მან ამდენივე გოლი გაუტანა "ბლაუგრანას".

ვიგოელებმა მე-20 წუთზე კონტრშეტევის წყალობით გახსნეს ანგარიში - იაგო ასპასს სურდა, მაქსი გომესს გაეტანა, მაგრამ ტერ შტეგენმა იყოჩაღა და დამატებაზე თავად ასპასმა შეაგდო.

სელტას ლიდერობა სულ 2 წუთი გაგრძელდა, ლეო მესიმ პაულინიოს პასით გაათანაბრა.

62-ე წუთზე მესი-ალბა-სუარესის კომბინაცია ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა, მაგრამ ბარსელონამ მაინც ვერ მოიგო, საქმეში ისევ ასპასი ჩაერთო, რომელმაც ამჯერად უკვე გაატანინა მაქსი გომესს. 

ქულებთან ერთად ბარსამ სამუელ უმტიტიც დაკარგა, რომელიც 72-ე წუთზე დაშავდა. თუ ყველაზე ცუდი პროგნოზი გამართლდება, ფრანგს 2 თვე მოუწევს იძულებით დასვენება. 

ტრავმის გამო შეცვლა ანდრეს ინიესტამაც ითხოვა, თუმცა მისი დაზიანება სერიოზული არ ჩანს.
ლუის სუარესთან შეჯახებისას მხარი ამოიგდო სერხი გომესმა და სელტას ფეხბურთელიც იძულებით გამოცვალეს.

whoscored.com-ის ტოპები

ბარსელონა: მესი - 8,6; ალბა - 8,0; ლ. სუარესი - 7,7 
სელტა: ასპასი - 8,7; მ. გომესი - 7,3; ბლანკო - 7,2

სამუელ უმტიტის ტრავმა სერიოზული ჩანს

ბარსელონამ ლა ლიგაში ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინათ, 3 დეკემბერს ვერ მოიგო, რეალს 1:1 ეთამაშა.

ბოლო ორ სეზონში სელტამ 12 გოლი გაუტანა ბარსელონას, მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბმა.
ჟორდი ალბამ ლუის სუარესს კარიერაში მე-11-ედ გაატანინა.

ლეო მესიმ სელტასთან ბოლო 3 დაპირისპირებაში 4 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
იაგო ასპასმა ბოლო 4 თამაშში ბარსას 4 გოლი გაუტანა. 

სელტა ერთადერთი კლუბია ლა ლიგაში, რომელმაც წინა სამ სეზონში, ერთხელ მაინც შეძლო ბარსელონას დამარცხება.

ერნესტო ვალვერდე, ბარსელონას მწვრთნელი

"უმტიტის ეპიზოდში ჩვენ შეგვეძლო 3:1 დავწინაურებულიყავით, სინამდვილეში კი მისი ტრავმა მივიღეთ. ამან ორი ქულა დაგვაკარგინა. ამის მერე მომენტები პიკეს, პაკოს, პაულინიოს და მესის ჰქონდათ, მაგრამ მათ ისინი ვერ გამოიყენეს. 

სელტამ თამაში კარგად დაიწყო, თამაშის სადავეები ძლივს დავიბრუნეთ, ეს მათი პირველი გოლის მერე მოხდა. უკვე ჩვენ ვდომინირებდით, როცა ის ეპიზოდი მოხდა".

ხუან კარლოს უნსუე, სელტას მწვრთნელი

"თუ "კამპ ნოუდან" დადებითი შედეგის წაღება გსურს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ითამაშო გუნდურად და ინტენსიურად გამოიყენო ფლანგები. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ აქ თამაში ყოველთვის უფრო დიდ ხანს გრძელდება. მაქსი ჯერ 21 წლისაა და უკვე 7 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, შთამბეჭდავია. მოგება ფანტასტიკური იქნებოდა, მაგრამ ბარსასთან ფრეც კარგი შედეგია".

მადრიდის ატლეტიკომ რეალ სოსიედადს უმასპინძლა და თავიდან ვილიან ჟოზეს პენალტით აგებდა კიდეც, მაგრამ ჯერ ფილიპე ლუიშმა გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი სოსიედადის ყოფილმა ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა გაიტანა - 2:1.

კომენტარები

ბოლო ამბები