Thumbnail

ამ დღეს, 19 წლის წინ - რეალმა დაიმატა კაცი, რომელიც დღემდე კლუბის ცხოვრების ნაწილია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • €77.5 მილიონი ევრო - ასეთი იყო ტრანსფერის ღირებულება
  • ზინედინ ზიდანმა რეალის ფორმით ჯამში 5 სეზონი ითამაშა

2001 წლის 9 ივლისს, მადრიდის რეალმა იუვენტუსიდან 77.5 მილიონ ევროდ ზინედინ ზიდანი შეიძინა. ფრანგმა კლუბში 5 სეზონი ითამაშა და თეთრი ფორმით ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი (2), უეფას სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

თუმცა 'ბერნაბეუზე' გადასვლამდე, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის ორი წაგებული ფინალისა, ზიდანს ტიტულები არც იუვენტუსში თამაშის დროს აკლდა, განსაკუთრებით სანაკრებო დონეზე, სადაც მარსელის მკვიდრმა ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი (1998) და შემდეგ ევროპა (2000) მოიგო.

ზიდანი ფეხბურთიდან 2006 წელს, ბერლინში მარკო მატერაცისთან მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ წავიდა. მადრიდს კი 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, როდესაც მაშინ რეალის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მისი პირველ გუნდთან ახლოს დაყენება ისურვა.

2010-16 წლებში ზიდანი რეალის სტრუქტურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, 2016 წლის იანვარში კი გუნდიდან რაფა ბენიტესის წასვლის შემდეგ, კლუბის ლეგენდას რეალი ჩააბარეს და მწვრთნელი ზიდანის ახალი ისტორიაც სწორედ აქედან იწყება.

ერთ დროს რეალ კასტილიას ულიცენზიო მწვრთნელმა, დიდ ფეხბურთში მანამდე შეუძლებელი რამ შეძლო - ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, რაც ტურნირის ისტორიაში სხვას არავის გაუკეთებია. რაოდენობრივად, ზიზუ ლივერპულის ოქროს თაობის მწვრთნელს - ბობ პეისლის და თავის ყოფილ მენტორს - კარლო ანჩელოტის გაუთანაბრდა.

ორსეზონნახევრის შემდეგ, ზიდანმა რეალი დატოვა. პარალელურად გუნდიდან კრიშტიანო რონალდოც წავიდა... 2 მთავარი ფიგურის წასვლა გუნდმა ვერ გადაიტანა და კრიზისი დაიწყო, თუმცა ეს კრიზისი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ზიზუ კლუბში მალევე დაბრუნდა და დღესაც რეალის ყოველდღიურობის ნაწილია.

კომენტარები

ბოლო ამბები