Thumbnail
  • კაი ჰავერტცის ტრანსფერი რეალური ხდება
  • გერმანელის გადაბირება ორ გრანდს სურს

კაი ჰავერტცი ლევერკუზენის ბაიერში დიდხანს რომ არ დარჩება, ამას ყველა ხვდება, თუმცა ბოლო დროს მოვლენები ისე განვითარდა, რომ რეალური იყო შანსი, 21 წლის შემტევს ერთი სეზონი კიდევ ‘ფარმაცევტებში’ გაეტარებინა. გერმანული ჟურნალი Sport Bild ახალ ნომერში წერს, რომ ვითარება შეიცვალა და გერმანული ფეხბურთის იმედს ლევერკუზენის დატოვება ახლავე სურს.

მთავარი სიახლე ის არის, რომ ხსენებული გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაციით, ჰავერტცი ამ სურვილს კლუბის ხელმძღვანელებსაც მალე, ამ დღეებში გაუმხელს და სპორტულ დირექტორ რუდი ფიოლერს გაშვებას სთხოვს. Sport Bild წერს, რომ ჰავერტცმა ეს გადაწყვეტილება გერმანიის თასის ფინალში მარცხის შემდეგ მიიღო.

ლევერკუზენი კაი ჰავერტცის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს

გერმანული მედია წერს, რომ ერთმა გრანდმა ლევერკუზენს უკვე ოფიციალურად დაუფიქსირა სურვილი, ჰავერტცის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს. Sport Bild-ის ცნობით ეს ლონდონის ჩელსია. მიუხედავად კორონა-კრიზისისა, რომან აბრამოვიჩს კლუბს ტრანსფერებში დიდი ფულის გადახდა შეუძლია. როგორც ჩანს, ლევერკუზენი ჰავერტცს ტრანსფერში ხელს არ შეუშლის. დიდი შანსია, გერმანულმა კლუბმა 70 მილიონი ახლავე მიიღოს, 30 მილიონი კი - მოგვიანებით. Sport Bild ასევე წერს, რომ თუ ჰავერტცის მოთხოვნა ჩემპიონთა ლიგაში თამაშია. შესაბამისად, თუ ჩელსი პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდება, კაი ლონდონში არ გადავა.

გერმანული ჟურნალის ინფორმაციით, მისი გადაბირება მადრიდის რეალსაც სურს. “სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მისი გვარი სასურველი ფეხბურთელების სიაში მოწინავე პოზიციაზე უწერია. მადრიდელები ჰავერტცის გაისად შეძენაზე უფრო ფიქრობდნენ, რადგან წელს ფულის დაზოგვა სურთ, თუმცა მას შემდეგ, რაც ლევერკუზენმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა და კაის კლუბის გამოცვლა სურს, მასზე სერიოზულად ფიქრი რეალმაც დაიწყო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები