Thumbnail
  • რალფ რანგნიკმა გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი გააკეთა
  • მას როსონერის მთავარ მწვრთნელად და სპორტულ დირექტორად დანიშნავენ
  • გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულებისთანავე გამოცხადდება

რალფ რანგნიკმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ მილანში მისი მთავარ მწვრთნელად და სპორტულ დირექტორად დანიშვნა გადაწყვეტილია. ამის შესახებ ‘გარდიანი’ და Sky წერდნენ. 62 წლის გერმანელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

როგორც იცით, გერმანული და იტალიური მედია რანგნიკის ბედს მილანს დიდი ხანია უკავშირებს. კვირის დასაწყისიდან გავრცელდა ცნობები, რომ ‘პროფესორი რალფის’ როსონერიში დანიშვნა გადაწყდა და მას არა მარტო სტეფანო პიოლი უნდა შეეცვალა, არამედ სპორტული დირექტორობაც უნდა შეეთავსებინა. Sky Italia წერდა, რომ პაოლო მალდინი მილანის ტექნიკური დირექტორი გახდებოდა.

“გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.” - ასე უპასუხა რანგნიკმა Sport1-ს. მასთან შეთანხმება კლუბშიც უარყვეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მხარეებს ჯერ არ სურთ შეთანხმების გახმაურება, რადგან იტალიის ჩემპიონატი გრძელდება, მილანი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის და რანგნიკის დანიშვნის გამოცხადებით გუნდს შეიძლება ხელი შეეშალოს. ‘გაძეტა დელო სპორტი’ წერს, რომ რანგნიკის მილანში ერთდროულად ორ თანამდებობაზე დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ რანგნიკისა და მილანის შეთანხმების შესახებ მარტშიც აქტიურად იწერებოდა. მაშინ ‘როსონერის’ სპორტულმა დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა გუნდში რალფის მიყვანის იდეა საჯაროდ გააკრიტიკა, რის გამოც ბობანი გაათავისუფლეს. ამ ფაქტმა ყველა დაარწმუნა, რომ გერმანელის დანიშვნა რეალური იყო. რანგნიკის შესახებ კრიტიკულად საუბრობდა პაოლო მალდინიც, რომელმაც მაისში განაცხადა, გერმანელი სრულ ძალაუფლებას ითხოვსო.

კომენტარები

ბოლო ამბები