Thumbnail
  • ინტერმა ათკაციან ბოლონიასთან წააგო, მატჩის შემდეგ კონტე გაცოფებული იყო
  • მან მილანურ კლუბში თავისი და ფეხბურთელების მომავალი ეჭვქვეშ დააყენა

ინტერმა ბოლო ტურში მორიგი აუხსნელი მარცხი იწვნია. ანტონიო კონტეს გუნდი ბოლონიას ანგარიშით 1:0-ს უგებდა და მეტოქე 10 კაცით იყო, როდესაც ლაუტარო მარტინესმა პენალტი ვერ გაიტანა. ამას ის მოყვა, რომ ბოლონიამ რამდენიმეწუთიან ინტერვალში ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ინტერს ბასტონი გაუგდეს, რასაც ბოლონიას მეორე გოლი მოყვა.

ამ მარცხის შემდეგ ინტერმა არა მხოლოდ საჩემპიონო შანსები დაკარგა, არამედ მეოთხეადგილოსანი ატალანტა უკვე ქულაზე მიუახლოვდა. ინტერმა ამ სეზონში უკვე 18 ქულა დაკარგა იმ პოზიციიდან, როცა თამაშს იგებდა.

მატჩის შემდეგ კონტე თავის გუნდთან ერთად გასახდელში ერთი საათის განმავლობაში იყო შეკეტილი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა პრესკონფერენციაზე.

კონტე: "რაც მოხდა, გასაგებია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ, პირველ რიგში, მე, როგორც მწვრთნელმა და შემდეგ ფეხბურთელებმა, რომლებიც მოედანზე იყვნენ. დღეს ჩვენ ბოლონიას თამაში ვაჩუქეთ და ასეთი რამ ამ სეზონში პირველად არ ხდება. აუხსნელია ვერგატანილმა პენალტმა ჩვენზე ასეთი გავლენა რატომ იქონია".

ინტერი მეორე გოლის შემდეგ

კონტემ ინტერის შემდგომ პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი თამაშით გუნდიდან წასვლა ფეხბურთელებსაც შეიძლება მოუხდეთ და მასაც.

კონტე: "ამ მომენტიდან სეზონის ბოლომდე ყველამ უნდა დავამტკიცოთ, ვიმსახურებთ თუ არა ინტერში ყოფნას. ეს მწვრთნელსაც ეხება და ყველა მოთამაშესაც. ვართ კი შესაფერისი მწვრთნელი და ფეხბურთელები ამ პროექტისთვის?! შეგვიძლია კი გამარჯვება?! თუკი მოთამაშეებს იმ ბრაზის თუნდაც 1% აქვთ, რომელიც ახლა ჩემს ძარღვებშია, მაშინ დასაწყისისთვის ეს უკვე კარგია".

ინტერი ჩემპიონატის განახლების შემდეგ ძალიან არასტაბილურია. გუნდმა დაკარგა ქულები სასუოლოსა და ბოლონიასთან და დათმო თასის ნახევარფინალი.

კომენტარები

ბოლო ამბები