Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების გარემარბის მორიგი წარმატებული მატჩი რუბინში
  • კვარაცხელიას საგოლე პასმა ყაზანელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა
  • 19 წლის ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში მორიგი საგოლე პასით გამოირჩა. 19 წლის ფეხბურთელმა 26-ე ტურში გამართულ, რუბინი-ორენბურგის შეხვედრაში თანაგუნდელს გაატანინა და ყაზანურ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ხვიჩა კვარაცხელია რუბინის სასტარტოში იყო და მოედანზე 83-ე წუთამდე დაჰყო, საგოლე გადაცემა დენის მაკაროვს კი 67-ე წუთზე გაუკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა სტუმართა საკარიმოში რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და თანაგუნდელს შორეულ ძელთან ჩაუწოდა. მაკაროვს გოლის გასატანად ბურთთან ერთი შეხებაღა დასჭირდა.

პრემია "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი", რომელსაც რუსეთის პრემიერლიგის ყოველი შეხვედრის შემდეგ გადასცემენ, სწორედ კვარაცხელიას მიაკუთვნეს.

"ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ამ თამაშში მოგება იყო, ვიდრე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება", - თქვა ხვიჩამ დაჯილოდების დროს.

ორენბურგთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა რუბინის მეორე ქართველი ლეგიონერი ზურიკო დავითაშვილიც, რომელიც 57-ე წუთზე სწორედ გოლის ავტორმა დენის მაკაროვმა შეცვალა.

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის 23 მატჩში ითამაშა. 19 წლის მარცხენა გარემარბის ანგარიშზე 3-3 გოლი და საგოლე პასია.

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 26 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 30 ქულა აქვს, მე-12 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 5 ქულითაა დაშორებული. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. ლიონიდ სლუცკის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ივლისს, შინ კრანსოდართან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები