Thumbnail
  • რაჰიმ სტერლინგი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობს
  • სიტის ფეხბურთელს ასოციაციის თასის მოგება უნდა

მას შემდეგ, რაც ლივერპულმა პრემიერლიგა მოიგო, მანჩესტერ სიტის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებაა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სიტი შესაძლოა ევროტურნირებიდან 2 წლით მოიკვეთოს, "ქალაქელებისთვის" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება განსაკუთრებული იქნება.

გარდა ჩემპიონთა ლიგისა, სიტის კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს. გუნდი ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე ლონდონის არსენალი იქნება. მანჩესტერული გუნდი ამ ტურნირის მოგებისთვისაც იბრძოლებს.

ამასთან დაკავშირებით მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა რაჰიმ სტერლინგმა ისაუბრა. რაჰიმს სეზონის წარმატებით დასრულება სურს და მიზნად ჩემპიონთა ლიგისა და ასოციაციის თასის მოგება აქვს დასახული.

"ძნელია იმის ყურება, თუ როგორ მოიგო ლივერპულმა ჩვენი ტიტული, მაგრამ მათ ბრწყინვალე წელიწადი ჰქონდათ. ისინი ფანტასტიკურები იყვნენ და ტიტული დაიმსახურეს. იმედი მაქვს, რომ შეგვიძლია სეზონი წარმატებით დავასრულოთ და ასოციაციისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გავიდეთ. ჩვენ უკვე დავკარგეთ პრემიერლიგის ტიტული და გვსურს, ყველა დარჩენილ ტურნირზე წარმატებით გამოვიდეთ", - განაცხადა სტერლინგმა.

რაჰიმ სტერლინგმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 13 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ინგლისელი კარგად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც 7 მატჩში 5 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ სიტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე მადრიდის რეალია. ინგლისელებმა სტუმრად ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს, განმეორებითი შეხვედრა კი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. გუნდები მეორე შეხვედრას 7 აგვისტოს გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები