Thumbnail
  • კაი ჰავერტცის მიმართ გრანდების მხრიდან ინტერესი დიდია
  • რუდი ვულერის თქმით, მოთამაშეს კლუბში დარჩენას ვერ დააძალებს

კაი ჰავერტცი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. 21 წლის ფეხბურთელი საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს და ლევერკუზენის ერთ-ერთი მთავარი და საკვანძო ფიგურაა.

გერმანელ ფეხბურთელს ლევერკუზენთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ნახევარმცველს ბაიერში ამდენი ხნით არავინ დატოვებს და მას რომელიმე გრანდი წაიყვანს.

ყველაზე მეტად კაის სახელს ლონდონის ჩელსის, ლივერპულს, მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნს უკავშირებენ. ამ გუნდებს ჰავერტცის შეძენა ამ ზაფხულს სურთ, თუმცა არის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გერმანელი ლევერკუზენში კიდევ ერთი წლით დარჩება და გუნდს შემდეგ გამოიცვლის.

ლევერკუზენმა ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონი 63 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს. სწორედ ამ ფაქტის გამო, უფრო მეტად გახშირდა ჰავერტცის სხვა გუნდში სავარაუდო ტრანსფერზე ინფორმაცია.

ლევერკუზენის სპორტულმა დირექტორმა რუდი ვულერმა განაცხადა, რომ კლუბს და ფეხბურთელს აქვთ შეთანხმება, რომლის შედეგადაც კაი ჰავერტცს სურვილის შემთხვევაში შეეძლება გუნდი ამ ზაფხულს დატოვოს.

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მას (ჰავერტცს) წასვლა ამ ზაფხულს შეუძლია. ახლა იგი ჩვენი ფეხბურთელია. ვიცით, თუ რა შეუძლია მას. ვიმედოვნებ, რომ ის კიდევ ერთი წლით დარჩება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას ვერავის დავაძალებთ. ჰავერტცმა იცის თავისი ვალდებულებები კოლეგებთან, გულშემატკივრებთან და კლუბთან მიმართებაში", - განუცხადა რუდიმ გერმანულ Bild-ს.

კაი ჰავერტცმა ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონში 30 შეხევდრა ჩაატარა, სადაც თავი 12 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.  

კომენტარები

ბოლო ამბები