Thumbnail
  • რუსული მედიის ცნობით, ლოკომოტივი საბა კვერკველიას ამ ზაფხულს შეელევა
  • განიხილება გაყიდვის, იჯარით გაშვების და კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტები
  • მოსკოველებმა 28 წლის ქართველი მცველის სავარაუდო შემცვლელებიც შეარჩიეს 

რუსული სპორტული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია, რომელიც მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას იცავს, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის.

championat.com-ის ცნობით, მოსკოვური კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური მცველის შეძენას აპირებს, რომელიც გუნდში სწორედ 28 წლის ქართველი ფეხბურთელის ადგილს დაიკავებს. როგორც ირკვევა, მოსკოველებს საბას სავარაუდო შემცვლელები უკვე შერჩეულიც ჰყავთ და ისინი ასაკით კვერკველიაზე უმცროსები არიან.

როგორც ჩანს, ლოკომოტივს საბას გაშვება გადაწყვეტილი მტკიცედ აქვს და განიხილავს, როგორც გაყიდვის ან იჯარით გაშვების ვარიანტს, ასევე ხელშეკრულების გაწყვეტის შესაძლებლობასაც. კვერკველიას კონტრაქტი კლუბთან 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მის სატრანსფერო ფასად კი 6,5 მილიონი ევრო სახელდება. 

ბოლო წლებში საბა რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნეოდა

საბას მომავალი მოსკოვის ლოკომოტივში ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იური სიომინი გაუშვეს და მის ნაცვლად სერბი მარკო ნიკოლიჩი მიიწვიეს. 

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას 2017 წლის დასაწყისიდან იცავს და მასთან ერთად რუსეთის ჩემპიონი (2017/19 წლებში), ორჯერ რუსეთის თასის (2016/17 და 2018/19) და რუსეთის სუპერთასის (2019) მფლობელი გახდა. მიმდინარე სეზონში ქართველმა მცველმა მოსკოველთა ღირსებას ყველა ტურნირის 8 მატჩში დაიცვა.

მოსკოვის ლოკომოტივს რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 25 ტურის შემდეგ, 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. საბას გუნდი 26-ე ტურის მატჩში სოჩის უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები