Thumbnail

'ყველა საუკეთესო გერმანელი ბაიერნში' - ლეროი სანეს ტრანსფერი ოფიციალურად შედგა

მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტის გარემარბთან ლეროი სანესთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა. 24 წლის ფეხბურთელსა და ბავარიულ კლუბს შორის კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.  

ლეროი სანე, რომელიც ბაიერნს დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაუჯდა, გერმანიის ჩემპიონებთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე მომავალი კვირიდან დაიწყებს, "ადიდასის" ინფორმაციით კი, გუნდის ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს, რომლითაც აქამდე ფილიპე კოუტინიო გამოდიოდა.

სამედიცინო შემოწმების გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ლეროიმ კლუბის პრესსამსახურთან თავის ტრანსფერზე ისაუბრა:

"მოლაპარაკება თავიდანვე კარგად წარიმართა. ბაიერნის გეგმებმა დამარწმუნა, ნაბიჯის სისწორეში. რა თქმა უნდა, ბაიერნი უდიდესი კლუბია, რომელიც ყოველთვის სერიოზულ მიზნებს ისახავს. ჩვენ ტიტულები გვჭირდება, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება კი უმთავრესი ამოცანაა. ეს მიზნები ჩემთვისაც ახლობელია და სწორედ ამის გმო, ეს ჩემი ერთადერთი არჩევანი იყო.
 
მოუთმენლად ველი ძველ ნაცნობებთან შეხვედრას, რომლებთან ერთადაც ასაკობრივ ნაკრებებში მითამაშია, ფლიკს კი გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში გატარებული პერიოდიდან ვიცნობ. ვფიქრობ, გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების ბრწყინვალე სინთეზია და ყველას გამარჯვებები სწყურია. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ გუნდთან ერთად ვარჯიშს".

ტრანსფერზე კომენტარი მიუნხენის ბაიერნის ბოსმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა:

"მოხარული ვართ, რომ ბაიერნში ლეროი სანეს ვეგებებით. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თავის ღირსებებს ავლენდა, განსაკუთრებით კი ეროვნულ ნაკრებში. ის გამორჩეულია ხასიათის სიმტკიცითაც. ჩვენი მიზანი ბაიერნში საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელების თავმოყრაა და ლერო სანესთან კონტრაქტის გაფორმებაც ამის დასტურია".

ლეროი სანე მანჩესტერ სიტიში შალკე 04-იდან, 2016 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მაშინ ტრანსფერის ფასმა 52 მილიონი ევრო შეადგინა. გერმანელი ფეხბურთელი ბაიერნში გადასვლასთან ახლოს გასულ ზაფხულსაც იყო, მაგრამ მაშინ ჯვარიდინი მყესები გაიწყვიტა და გარიგება ჩაიშალა. მძიმე ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში სანემ ინგლისის პრემიერლიგის სულ ერთ მატჩში, 11 წუთით ითამაშა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

კომენტარები

ბოლო ამბები