Thumbnail
  • ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო აღმოსავლეთევროპელებში დაასახელეს
  • ლევან კობიაშვილის გერმანიის ჩემპიონატში 15 წელზე მეტი აქვს გატარებული

ფრანგულმა Footballski-მ სიმბოლური ნაკრები შეადგინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენელი ფეხბურთელებისგან, რომელთაც ბუნდესლიგაში უთამაშიათ. TOP XI-ში რობერტ ლევანდოვსკის, დავიდ ალაბასა და სხვა ვარსკვლავების მხარდამხარ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ლევან კობიაშვილიც მოხვდა, რომელსაც გერმანიაში ფრაიბურგის (1998-2003), შალკესა (2003-10) და ჰერტას (2010-14) მაისურით უთამაშია და საერთო ჯამში, ბუნდესლიგაში 15 წელზე მეტი აქვს გატარებული. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი კობიაშვილის შესახებ:

ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, შალკე, ჰერტა)

ის იმ ქვეყნის წარმომადგენელია, საიდანაც ძმები არველაძეები, გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია იყვნენ. კობიაშვილი 20 წლისაც კი არ იყო, როდესაც გერმანიაში მოხვდა და ფრაიბურგში თამაში დაიწყო. ის დინამო თბილისის რიგებში საქართველოს უკვე სამგზის ჩემპიონი გახლდათ და თავიდანვე უნივერსალურ ფეხბურთელად ითვლებოდა, რადგანაც თანაბარი წარმატებით შეეძლო თამაში დაცვასა და ნახევარდაცვაში. ფრაიბურგულ კარიერაში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და საფუძველი ჩაუყარა იქაური ქართული კოლონიის შექმნას. 2000-წლებში ხომ ფრაიბურგის ღირსებას ალექსანდრე იაშვილი და ლევან ცქიტიშვილიც იცავდნენ. იქ გატარებული 5 წლის შემდეგ, ლევანი შალკეში ჩაირიცხა, სადაც გერმანიის თასი მოიგო და უეფა-ს თასის ნახევარფინალამდე მისვლაც შესძლო. მისი ბოლო გერმანული კლუბი ჰერტა იყო, სადაც კარიერა 2014 წელს დაასრულა. კობიაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელი იყო, ვინც სანაკრებო ასპარეზზე 100-მატჩიან ნიშნულს უწია. 2015 წლიდან მოყოლებული, ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

აღმოსავლეთ ევროპის TOP XI, ბუნდესლიგა

გაბორ კირალი (უნგრეთი) – დავიდ ალაბა (ავსტრია), ლევან კობიაშვილი (საქართველო), რობერტ კოვაჩი (ხორვატია), ჰასან სალიჰამიჯიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) – პალ დარდაი (უნგრეთი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (პოლონეთი) – ზვეზდან მისიმოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) – რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), კრასიმირ ბალაკოვი (ბულგარეთი).
მწვრთნელი: ერნსტ ჰაპელი (ავსტრია).

კომენტარები

ბოლო ამბები