Thumbnail

'უნდა გამეტანა' - გიორგი ხარაიშვილი თავისი ფორმით ბოლომდე კმაყოფილი არაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 23 წლის ნახევარმცველი გიოტებორგის სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა
  • გიორგი ხარაიშვილის გუნდმა შვედეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში აიკ-ს მოუგო
  • მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ხელიდან გაშვებულ შანსზე ისაუბრა 

გიორგი ხარაიშვილი გიოტებორგის სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა. 23 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც კუნთის ტრავმის გამო შვედეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის სტარტზე რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა, აიკ-თან მე-5 ტურის შეხვედრაში მოედანზე თავიდანვე გამოჩნდა და 65-ე წუთამდე ითამაშა.

გიოტებორგმა შეხვედრა მინიმალური ანგარიშით, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გასული ავტოგოლის წყალობით მოიგო, გიორგიმ კი თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც თავის ფორმასა და ხელიდან გაშვებულ შანსზეც ისაუბრა.

"შეხვედრა რთული გამოვიდა. აიკ-ი კარგად თამაშობდა და თავის დაცვას ახერხებდა. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ 20-25 წუთის შემდეგ აიკ-იც გამოცოცხლდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს და ბოლოს მაინც შევძელით გატანა. ვფიქრობ, რომ მოგება დავიმსახურეთ", - აქვეყნებს ხარაიშვილის სიტყვებს expressen.se.

ხარაიშვილს გოლის გატანის შესაძლებლობა პირველ ტაიმში ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი ვერ გამოიყენა.

"იმ ეპიზოდში გოლი უნდა გამეტანა. არ ვარ საკუთარი ფორმით კმაყოფილი და ეს ნორმალურია, თუმცა მაქვს დრო, რათა თამაში გავაუმჯობესო. 

რთულია, როდესაც ტრავმის გამო დრო გიცდება. კიდევ კარგი, რომ ეს არ იყო სერიოზული ტრავმა. უკეთესობას ყოველდღიურად ვგრძნობდი, მაგრამ გარისკვა არ გვსურდა. საბოლოოდ დავბრუნდი და ეს ძალიან სასიამოვნოა", - ამბობს გიორგი.

გიორგი ხარაიშვილის გუნდს შვედეთის ჩემპიონატში გასული 5 ტურის შემდეგ, 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. გიოტებორგი მომდევნო მატჩს 6 ივლისს, სტუმრად ლიდერ ნორჩოპინგთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები