Thumbnail

დიდი დაბრუნება - ბარსელონას მომავალი სეზონიდან მისი ლეგენდა გაწვრთნის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონას ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად ყატარულ ალ სადში მუშაობს, კატალონიურ კლუბში მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მისვლასთან დაკავშირებით წინადადება მიიღო. 

ჩავი არასდროს მალავდა, რომ მისი მიზანი ბარსაში დაბრუნებაა

ამის შესახებ ესპანური მედია წერს, რომლის ცნობით, ბარსელონას ამჟამინდელი მწვრთნელი კიკე სეტიენი უკეთეს შემთხვევაში, თანამდებობაზე სეზონს ჩაამთავრებს. თუმცა მოსალოდნელია, რომ სპეციალისტი მანამდეც გაუშვან და გუნდი დროებით ბარსელონა B-ს მწვრთნელს, გარსია პიმიენტას ჩააბარონ. 

როგორც ირკვევა, ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ, ჩავისთვის შეთავაზების გაკეთებამდე, 40 წლის ესპანელი სპეციალისტის კანდიდატურა გუნდის ფეხბურთელებთან განიხილა და მათი მხარდაჭერაც მოიპოვა.

სეტიენმა ბარსელონა იანვარში ჩაიბარა და კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აქვს

ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონას ფეხბურთელებსა და კიკე სეტიენს შორის, ლა ლიგის 32-ე ტურში, სელტასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კონფლიქტი მოხდა. დაიწერა, რომ მოთამაშეები უკმაყოფილონი სეტიენს რამდენიმე ტაქტიკური გადაწყვეტილების გამო დარჩნენ და ამასთან, არ ეთანხმებიან მის ზოგიერთ მეთოდს. მათი აზრით, თუკი არაფერი შეიცვლება, ასე წარმატებას ვერ მიაღწევენ.

ჩავი ერნანდესი ბარსელონას აღზრდილია და კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. კატალონიელებთან ერთად მან კარიერის განმავლობაში 25 ტიტული მოიგო, შემდეგ კი ყატარულ ალ სადში გადაბარგდა, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 33 ტურის შემდეგ, ბარსელონას 70 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები