Thumbnail

PREVIEW | თორნიკე შენგელიას დიდი ფინალი - რა შანსი აქვს ბასკონიას

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

დღეს საღამოს, თორნიკე შენგელიას და მის ბასკონიას დიდი ფინალი ელის - ესპანეთის ჩემპიონატის ბედი ბარსელონასთან თამაშში გადაწყდება. თითქმის ყველა წყარო თანხმდება, რომ ეს შენგელიასთვის ბასკონიას რიგებში ბოლო თამაში შეიძლება იყოს და თორნიკეს შანსი აქვს, თავისი ესპანური კარიერა ტრიუმფით დაასრულოს. ეს იოლი არ იქნება, რადგან ბასკონიას მეტოქე ამ სეზონის ევროპული კალათბურთის ყველაზე ვარსკვლავური გუნდი ბარსელონაა. რას უნდა ველოდოთ ფინალში?

ფორმატი, რომელიც ბასკონიას აწყობს

ნათელია, რომ ბარსელონა აშკარა ფავორიტია. რამდენიმე ჩაგდებული სეზონის შემდეგ, კატალონიური გრანდი წინა ზაფხულში ძალიან გაძლიერდა. გუნდში ნიკოლა მიროტიჩი, ტომას ერტელი, კორი ჰიგინსი და ბრენდონ დევისი მივიდნენ. ბარსელონამ, ფაქტობრივად, ახლიდან შექმნა ის გუნდი, რომელსაც ამ სეზონში ყველაფერი უნდა მოეგო. ევროლიგა პანდემიას შეეწირა და ესპანეთის ჩემპიონატი ერთადერთია, რაც შეიძლება ამ სეზონში კატალონელებმა მოიგონ. სხვა შედეგი ამ ბიუჯეტის და ასეთი ვარსკვლავური გუნდისთვის უბრალოდ კატასტროფა იქნება. მით უმეტეს, რომ კატალონელები ესპანეთის ჩემპიონები უკვე 5 წელია არ ყოფილან.

ბასკონიას შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა: ბასკებმა სეზონი წარუმატელად დაიწყეს და პანდემიამდე ჩემპიონატში მხოლოდ მე-8 ადგილზე, ევროლიგაში კი საერთოდაც მე-13 პოზიციაზე იყვნენ. ახალმა ფორმატმა კი ბასკონიას საშუალება მისცა, რომ ფინალამდე უფრო იოლად მისულიყო. მთავარი მწვრთნელის ცვლილების და გუნდში დუშკო ივანოვიჩის მისვლის შემდეგ, ბასკონია უკეთ ათამაშდა.

დუშკო ივანოვიჩის მოსვლის შემდეგ ბასკონია უკეთ ათამაშდა

ეს ფორმატი ბასკონიას უფრო მეტ შანსს აძლევს, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში ექნებოდა. ბოლო 10 წელიწადში რეალსა და ბარსელონას ჩემპიონობაში ხელი სხვა გუნდმა (ვალენსიამ) მხოლოდ ერთხელ შეუშალა. გრანდების წინააღმდეგ ხუთთამაშიანი სერიის მოგება ძალიან ძნელია - მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონისაა და რეალსაც და ბარსელონასაც კონკრეტულ თამაშში გარანტირებული არაფერი აქვთ. ახლა კი ბასკონიას ჩემპიონობისთვის მხოლოდ ერთი თამაშის მოგება სჭირდება და არა სამის. ამასთან, ეს თამაში გულშემატკივარის გარეშე ჩატარდება და არა ბარსელონას გადაჭედილ 'პალაუ ბლაუგრანაზე'.

ბასკონიას ერთი თამაშის მოგების პრობლემა არცერთ გრანდთან არასოდეს ჰქონია. მაგალითად, ამ სეზონში მათ ბარსელონას ევროლიგაზე უკვე მოუგეს (96:94), ხოლო ჩემპიონატის პირველ თამაშში ბასკები ბარსას თითქმის მთელი თამაში უგებდნენ გასვლაზე და კატალონელებმა მატჩში დაბრუნება მხოლოდ მალკოლმ დელაინის სამქულიანების წყალობით შეძლეს და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში, გაიმარჯვეს. მოკლედ, ბასკონია ერთთამაშიან ფორმატში არცთუ ისე აუტსაიდერია.

თორნიკე შენგელიას ფაქტორი ბასკონიასთვის ფინალში გადამწყვეტია

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი: ბარსელონამ ნახევარფინალში ბურგოსთან ბევრი ენერგია არ დახარჯა და იოლად მოიგო, ბასკონიამ კი სულ ორი დღის წინ ვალენსიასთან დიდი ომი გადაიტანა. კატალონიელებს ისედაც უფრო დიდი როტაცია აქვთ და იოლი ნახევარფინალის შემდეგ, შესაძლოა, უფრო მეტი ენერგია ჰქონდეთ.

შენგელია თუ მიროტიჩი

მატჩისადმი ქართველი გულშემატკივრის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ თორნიკე შენგელიას ფინალში თავისივე პოზიციაზე ევროპული კალათბურთის მთავარი ვარსკვლავი ელოდება. წინა ზაფხულს ნიკოლა მიროტიჩმა მოულოდნელად უარი თქვა იანისთან ერთად თამაშის და ჩემპიონობისთვის ბრძოლის პერსპექტივაზე, უარი თქვა ბევრ მილიონ დოლარზე და ბარსელონაში გადავიდა. მას უბრალოდ ესპანეთში ცხოვრება უნდოდა. დიდი ხანია, ამ კალიბრის მოთამაშე NBA-დან ევროპაში არ გადასულა. მიროტიჩი კატალონიელების მთავარი ვარსკვლავია და მისი და შენგელიას დაპირისპირება მატჩის მთავარი ინტრიგაა. 

ნიკოლა მიროტიჩი ბარსელონას მთავარი ვარსკვლავია

ორივე ამ მოთამაშეს პრეტენზია აქვს, რომ ლიგაში საუკეთესოა. მიროტიჩიც და შენგელიაც ერთადერთნი იყვნენ, ვინც ამ სეზონში ორჯერ მოახერხა თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზის დაუფლება.

მიროტიჩი უფრო უკეთ ისვრის და თანამედროვე ტიპის მძიმე ფორვარდია, რომელიც სამწამიანიდან გამოდის და პერიმეტრიდანაც ქმნის საფრთხეს, თორნიკეს ათლეტიზმში, სისწრაფესა და დინამიურობაში აქვს უპირატესობა. ორივე მათგანს უყვარს ფარიდან ზურგით, ე.წ. პოსტში თამაში. კატალონიელებს სამწამიანში ბევრი დიდი და მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ - ანტე ტომიჩი, პიერო ორიოლა და ბრენდონ დევისი სამწამიანში მიროტიჩთან ერთად დიდ ძალას ქმნიან. შენგელიასთვის სამწამიანში თამაში იოლი არ იქნება. ბასკონიასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ შექმნის და რა პროცენტით გამოიყენებს სამქულიანებს. სულ რამდენიმე დღის წინ, ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფში შეხვდნენ, ბარსელონამ 6 ქულით მოიგო, თუმცა ბასკონია მატჩის ბოლომდე თამაშში დარჩა, რაც პირველ რიგში შევონ შილდსის სამქულიანების დამსახურებაა - ამერიკელს 9-დან 6 ზუსტი სროლა ჰქონდა პერიმეტრიდან.

მნიშვნელოვანი იქნება ბასკონიას გამთამაშებლის, ჰენრის ფაქტორი. წინა თამაშში ბასკებმა 19-ჯერ დაკარგეს ბურთი და ბარსას 11 ჩაჭრა ჰქონდა. ფინალში წარმატებისთვის ბასკონიამ ეს მაჩვენებლები აუცილებლად უნდა შეამციროს.

საინტერესო ფაქტები

🏀 ყველა ტურნირის ეგიდით ბარსელონას შინ ბასკონიასთან ბოლო 8 თამაშიდან მხოლოდ 4 აქვს მოგებული.

🏀 ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან მასპინძელმა მხარემ მხოლოდ 5-ში მოახერხა გამარჯვება.

🏀 პანდემიის შემდეგ განახლებულ ტურნირში ბასკონიას საუკეთესო დაცვა ჰყავს: 6 თამაშში მხოლოდ 452 ქულა მიიღეს თავის კალათში, ანუ თამაშში 75 ქულა. 

🏀 ძირითად დროში მხოლოდ ბარსელონამ მოახერხა ბასკონიასთვის 80 და მეტი ქულის ჩაგდება.

🏀 ჩემპიონატის განახლების შემდეგ ბარსელონა ყველა თამაშში გადაცდა 80 ქულას. ორჯერ კი საერთოდაც 90 ქულაზე მეტი ჩააგდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები