Thumbnail

სეტიენს ულტიმატუმი წაუყენეს - ბარსელონამ ახალი მწვრთნელი შეარჩია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კატალონიური გრანდი ძირითად გუნდში ბარსელონა B-ს თავკაცის დაწინაურებას აპირებს
  • კიკე სეტიენის ბედი მადრიდის ატლეტიკოსთან და ვილიარეალთან მატჩებში გადაწყდება

ესპანური ბარსელონა, შესაძლოა, სეზონის დასრულებას არ დაელოდოს და გუნდის მთავარი მწვრთნელი უკვე უახლოეს პერიოდში შეცვალოს. AS-ის ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა კიკე სეტიენს იმ შემთხვევაში დაემშვიდობება, თუკი, მომავალ ორ ტურში, მადრიდის ატლეტიკოსთანა და ვილიარეალთან მატჩებში გუნდი 6 ქულის აღებას ვერ მოახერხებს.

აღნიშნული გამოცემის თანახმად, ცნობილია სეტიენის შემცვლელის ვინაობაც. კიკეს დათხოვნის შემთხვევაში, ესპანურ გრანდს ხავიერ გარსია პიმიენტა ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად ბარსელონა B-ს მთავარი მწვრთნელია.

შეგახსენებთ, რომ უკმაყოფილებამ კიკე სეტიენის გარშემო განსაკუთრებით იმატა ბოლო პერიოდში, როდესაც კლუბმა ლა ლიგაში ქულების კარგვა დაიწყო. ესპანეთის ჩემპიონატის 32 ტურის თავზე, ბარსელონა 69 ქულით მეორეა და მადრიდის რეალს 2 ქულით ჩამორჩება, არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, ერთპიროვნული ლიდერი იყო.

კიკე სეტიენმა ბარსელონა იანვრის შუა რიცხვებში ჩაიბარა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, თუმცა, უკვე ცხადია, რომ ვადის ბოლომდე ვერ მიაღწევს. სამომავლოდ, კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მთავარ პრეტენდენტად, მისი ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი სახელდება, რომელიც ამჟამად ყატარულ ალ სადში მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები