Thumbnail

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალამდე 1 დღით ადრე, ლიგა ენდესას მთავარი პრიზის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიაც დაესწრო. შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტ მატჩში თოკოს ბასკონია ბარსელონას გაეჯიბრება, საქართველოს ნაკრების ფორვარდი კი, როგორც მოედანზე, ასევე, მის მიღმაც ყურადღების ცენტრშია.

შენგელია თასის პრეზენტაციაზე ბასკთა მთავარ მწვრთნელ დუშკო ივანოვიჩთან ერთად გამოცხადდა, კატალონიურ გრანდს კი სვეტოსლავ პეშიჩი და ხორვატი ცენტრი ანტე ტომიჩი წარმოადგენდნენ. მხარეებმა მეგობრული ფრაზები გაცვალეს და ხუმრობისთვის მოიცალეს. მაგალითად, პეშიჩმა ივანოვიჩს უთხრა, გირჩევნია, თასს ხელი ახლა შეავლო, თორემ ფინალის მერე, მასთან ახლოს აღარ მიგიშვებთო. ამით, ბარსას თავკაცმა ვიზავის მიანიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

დუშკო ივანოვიჩი და თორნიკე შენგელია

თავის მხრივ ივანოვიჩმა კომენტარი იმ დიდი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა, რომელსაც პირადად ის და ზოგადად, ევროპული კალათბურთის ქომაგები ელიან. საუბარია შენგელიასა და ბარსას მძიმე ფორვარდ ნიკოლა მიროტიჩის დუელზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის ჩემპიონატის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს:

“რომელია მათ შორის საუკეთესო? ამაზე ბევრი დაობს და ხვალინდელი მატჩი ამის გასარკვევად კარგი საშუალებაა. ვნახოთ, ვინ აჯობებს”.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე ბასკონიამ ვალენსიას 75:73 სძლია, ბარსელონამ კი თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსს 98:84 მოუგო.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი

  • ბარსელონა
  • ბასკონია

ცნობისთვის, ბასკონიას ესპანეთის ჩემპიონატი ისტორიაში 3-ჯერ აქვს მოგებული და ყველა შემთხვევაში – მიმდინარე საუკუნეში: 2001-02, 2007-08 და 2009-10 წლების სეზონებში. შენგელიას კარგი შანსი აქვს, ბასკურ კლუბს გამარჯვებულის რანგში დაემშვიდობოს. შეგახსენებთ, რომ მისი მოსკოვურ ცსკა-ში ტრანსფერი გადაწყვეტილ ამბად მიიჩნევა და როგორც ირკვევა, რუსული გრანდი მისი დამატების შესახებ უკვე მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს.

კომენტარები

ბოლო ამბები