Thumbnail
  • 'კრეიტონელებს სკამიდან პირველ რიგში 4-ვარსკვლავიანი ქართველის იმედი უნდა ჰქონდეთ'
  • რატიმ NCAA-ს წარმომადგენელ კლუბთან კონტრაქტი გასულ თვეს გააფორმა

ამერიკულმა Theuconnblog-მა მომავალ სეზონში NCAA-ს წევრ კრეიტონის შანსებზე დაწერა და რატი ანდრონიკაშვილის როლიც გამოარჩია. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველი უკანახაზელი სტუდენტური კალათბურთის წარმომადგენელს გასულ თვეს შეუერთდა და მისგან პირველივე სეზონში ბევრს ელიან. აღნიშნულ ვებგვერდს რატი სასტარტო ხუთეულში არ დაუსახელებია, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა, თუმცა, მასზე ყურადღება მაინც გაამახვილა.

“კრეიტონელებს სათადარიგოთა სკამიდან პირველ რიგში 4-ვარსკვლავიანი ახალწვეულის იმედი უნდა ჰქონდეთ. რატი ანდრონიკაშვილს შეუძლია გუნდის X-ფაქტორი გახდეს. ის ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედად ითვლება და რამდენიმე მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა. რატიზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის კომენტარი, რომელიც მან კრეიტონთან კონტრაქტის გაფორმების დროს გააკეთა:

“კრეიტონს მანამდეც ვიცნობდი, სანამ დამირეკავდნენ. ამ გუნდის თამაშის სტილი ყოველთვის მომწონდა. მათ დიდებული საკალათბურთო პროგრამა აქვთ. ამ უნივერსიტეტის მწვრთნელები ყველა დანარჩენზე უკეთესად მიცნობენ და ვფიქრობ, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებთ. მწვრთნელის ასისტენტ ალან ჰასს ჩემი ბევრი თამაში უნახავს, მთავარმა მწვრთნელმა გრეგ მაკდერმოტმა კი, იცის ჩემი როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი მხარეები. ასეთ ხალხთან მოხვედრა ყოველთვის ძალიან სასარგებლოა. ისინი ლამის ყოველდღე მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ არა მხოლოდ კალათბურთზე, არამედ – ოჯახზეც. ეს კი ნიშნავს, რომ მათ მართლაც გული შესტკივათ ჩემზე”.

ამერიკულ კალათბურთში სპორტსმენების გამონათქვამებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ადრონიკაშვილის აღნიშნული სიტყვები კი, კრეიტონის ქომაგებისთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. როგორც სჩანს, ის საკმაო ინტელექტუალური კალათბურთელი უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ ბასკონიური პროექტის (ესპანეთში 2 წელი აქვს გატარებული) პროდუქტმა ანდრონიკაშვილმა გასული სეზონი ბერძნულ პანიონიოსში დაიწყო და სუპერლიგის წევრ რუსთავში დაასრულა. უდავოა, რომ რატისთვის ამერიკაში გადასვლა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია. თუკი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ახალგაზრდა კალათბურთელმა, სეტონ ჰოლის წევრმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს წლევანდელი დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა არ მოხსნა, ის და ანდრონიკაშვილი ბიგ ისთის კონფერენციაში კონკურენტები იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები