Thumbnail

რას ერჩოდნენ ჰაკერები ნინუას? ქართველი უკვე ბეშიქთაშის თამაშებს უყურებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მას შემდეგ, რაც დინამო თბილისის წევრ ნიკა ნინუას სტამბოლურ ბეშიქთაშში შესაძლო ტრანსფერის შესახებ გახდა ცნობილი, თურქული პრესა 21 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ აქტიურად წერს.

თურქები ნინუას ყველა ნაბიჯს აკონტროლებენს და ამდენად, ძალიან დააინტერესათ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ნიკა ბეშიქთაშის მატჩს ადევნებს თვალს. ბოლო მატჩში სტამბოლელებმა ქონიასპორს 3:0 სძლიეს და 50 ქულით მე-5 ადგილი შეინარჩუნეს, ნინუას ეს ქმედება კი, თურქებისთვის იმის ნიშანია, რომ მისი სტამბოლურ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია.

აღნიშნულში ღრმად არიან დარწმუნებულნი თურქული კლუბის ფანებიც, რომელთაც ვიდეოს ქვეშ ათასობით კომენტარი დატოვეს. პათოსი ასეთი გახლდათ: “კეთილი იყოს შენი მობრძანება ბეშიქთაშში”. მკვეთრად იმატა სოციალურ ქსელში ქართველი ნახევარმცველის მიმდევრებმაც, რაც ნიკასთვის სასიამოვნი სიურპრიზი აღმოჩნდა.

თუმცა, ამასთანავე ერთი უცნაური ამბავიც მოხდა. როგორც Cnnturk.com იტყობინება, ამ დღეებში შეუძლებელი იყო ნინუას ინსტაგრამ-გვერდზე შესვლა. თავდაპირველად, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის თავად ქართველმა ფეხბურთელმა გააუქმა, თუმცა, ეს, ასე არ ყოფილა.

ნიკა ნინუა თურქ ქომაგებში უკვე ძალიან პოპულარულია

“როგორც ირკვევა, ნინუას გვერდზე უკანონო შეღწევა მოხდა. რა მიზანი ჰქონდათ ჰაკერებს, უცნობია, თავად ფაქტმა კი, ნიკა ძალიან გააკვირვა, რადგანაც ასეთი რამ არასდროს დამართნია. ამავდროულად, ის ძალიან გახარებულია, რომ სოციალურ ქსელში მისი გამომწერების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს”, - ვკითხულობთ აღნიშნულ ვებგვერდზე.

არსებული ინფორმაციით, ბეშიქთაში ნინუასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ნიჭიერ ფეხბურთელს კი წელიწადში 350 ათას ევროს მისცემს. ამბობენ, რომ სტამბოლური კლუბი თანახმაა, დინამო თბილისს გარკვეული თანხა გადაუხადოს მომავალში ნინუას გაყიდვის შემთხვევაშიც.

ნიკა ნინუა დინამო თბილისის აღზრდილია, კლუბთან კონტრაქტი კი წლის ბოლოს ეწურება. დინამოელთა კაპიტანმა გასულ სეზონში 37 მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი, ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა. მიმდინარე სეზონში ნიკას აქტივში 2 გოლი და 9 შედეგიანი პასია. ნინუას საქართველოს U17, U19 და U21 ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. Transfermarkt.com მის სატრანსფერო ღირებულებად 900 ათას ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები