Thumbnail
  • Eurobasket-მა და გომელსკიმ თორნიკე ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში დაასახელეს
  • ქართველი ფორვარდის მოსკოვში გადაბარგება მხოლოდ დროის ამბავია

ცნობილმა რუსმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ მომავალი სეზონისთვის მოსკოვის ცსკა-ს სასტარტო ხუთეული დაასახელა და მასში ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელიაც შეიყვანა. აი, რა დაწერა გომელსკიმ თავის კონფერენციაზე:

“თუკი შენგელია გადმოვიდა, ვფიქრობ, სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
1. ჰეკეტი (შეცვლაზე სტრელნიეკსი, უხოვი)
2. ჯეიმსი (ჰილიარდი, სენტ-როსი)
3. კურბანოვი (კლაიბერნი, ანტონოვი)
4. შენგელია (ვოიტმანი, ლოპატინი)
5. მილუტინოვი (ბოლომბოი)
მილუტინოვისა და შენგელის ემოციურობა პრობლემებს ხომ არ შექმნის? არა მგონია, ამან გუნდში რაიმე სირთულე გააჩინოს”.

ვლადიმირ გომელსკი

გომელსკიმ იმ კითხვასაც უპასუხა, რომელიც ესპანეთის ლიგა ენდესას ერთ-ერთ ბოლო მატჩში შენგელიასა და ბასკონიას მთავარი მწვრთნელის დუშკო ივანოვიჩის შეკამათებას ეხებოდა.

“თორნიკე ტემპერამენტიანი ადამიანია და ზოგჯერ მისი ემოციები ზღვარს გადადის. თავის მხრივ, ივანოვიჩი მწვრთნელი-დიქტატორია. ამასთან, ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, რომელსაც გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე კონფლიქტების მოგვარება და კომპრომისების გამონახვა ეხერხება. ამას გარდა, მცირე უთანხმოებაში ჩარევა კლუბის მენეჯმენტსაც შეუძლია”.

შეგახსენებთ, რომ არაერთი წყაროს ცნობით, ბასკონიელთა ქართველი კაპიტნის ცსკა-ში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. მხარეები შეთანხმებას არ ადასტურებენ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ტრანსფერის შესახებ ესპანეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცხადდება, სადაც შენგელიასა და მის თანაგუნდელებს ნახევარფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ. საგულისხმოა, რომ თორნიკე რუსული გრანდის შემადგენლობაში (ასევე სასტარტო ხუთეულში) უკვე შეიყვანა ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com, რაც ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის შენგელია NBA-ში ჩიკაგოსა და ბრუკლინში თამაშობდა, 2014 წელს კი ევროპაში დაბრუნდა და მას მერე სტაბილურად ბასკონიაში ირიცხება.

კომენტარები

ბოლო ამბები