Thumbnail

'საქართველოსთვის გზა არ არსებობს' - ახალი ტურნირი ბორჯღალოსნების გარეშე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ინგლისის რაგბის კავშირის (RFU) აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ სვინიმ ახალი გლობალური ტურნირის დეტალები გაახმაურა და მონაწილე ნაკრებებიც პირდაპირ დაასახელა. Rugby Nations Cup-ზე საუბარი ბოლო თვეებია მიმდინარეობს და სვინიმ სრულიად ახლებური სტრუქტურა წარმოადგინა, თუმცა, საქართველოს ეროვნული გუნდისთვის ადგილი მასშიც არ მოიძებნა.

როგორც ირკვევა, ტურნირი, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროთა გრანდების ასპარეზად უნდა იქცეს, ორ დონედ წარიმართება. თითოელ დივიზიონში 6-6 ნაკრები იქნება. ელიტარულ ლიგაში 6 ერის (ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია) 3 საუკეთესო ნაკრები მოხვდება, რომელთაც დაპირისპირება სამხრეთ აფრიკასთან, ახალ ზელანდიასთანა და ავსტრალიასთან მოუწევთ. ქვედა დონეზე 6 ერის 3 უარესი ნაკრები, არგენტინა, იაპონია და ფიჯი ითამაშებენ.

შეჯიბრი სტარტს 2022 წელს აიღებს, შემდეგი ტურნირი კი 2024 წელს ჩატარდება. Rugby Nations Cup-ი არ შედგება მსოფლიო თასისა და ბრიტანელი ლომების ტურნეების პერიოდში. იგეგმება, რომ თამაშები ოქტომბერსა და ნოემბერში ჩაინიშნება, შესაბამისად, აღნიშნულ წლებში გაუქმდება საზაფხულო და საშემოდგომო ტესტები.

“ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი, როდესაც ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს სამეულები გაეჯიბრებიან, გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ვიცი, რომ ამ იდეას თავად მორაგბეებიც დადებითად უყურებენ. შემოდგომის ტესტები ისედაც საინტერესო იყო, აღნიშნული სტატუსი კი მას დამატებით ხიბლს შესძენს. ევროპული ნაკრებები სამხრეთში ოქტომბერში ჩავლენ, ნოემბერში კი საპასუხო თამაშები შედგება. ტურნირის ფორმატი 6 ერის მატჩებსაც ინტრიგას შემატებს. თუკი აქამდე მე-3 ადგილის დაკავება დიდად საინტერესო არ იყო, ახლა კი, მისთვის ყველა ბოლომდე იბრძოლებს. განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორებიც საქართველო, რუმინეთი და რუსეთი არიან, ტურნირისკენ პირდაპირი გზა არ არსებობს, თუმცა, შესაძლოა, გარკვეული ფინანსური სარგებელი მაინც ერგოთ”, - განაცხადა სვინიმ და ისიც დასძინა, რომ სამომავლოდ ლიგებიდან გავარდნა-აღზევების სისტემაც დაინერგოს, თუმცა, ეს, მაინც შორეული პერსპექტივაა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში ახალი ტურნირის სხვადასხვა ფორმატები ვრცელდებოდა, თუმცა, საქართველო, ჯერჯერობით, არცერთში ფიგურირებს. ის, რომ "ბორჯღალოსნების" 6 ერში დამატება ჯიუტად არ სურთ, ახალი ამბავი არაა, გლობალური სანაკრებო შეჯიბრის იდეის გაჟღერების დროს კი, ნამდვილად იყო იმედი, რომ ქართველი მორაგბეებისთვის ის მაინც გაიხსნებოდა. სამწუხაროდ, საიმედო არც ამ თემიდან ისმის რამე.

კომენტარები

ბოლო ამბები