Thumbnail
  • ეპიზოდები სვენ-გორან ერიქსონის ავტობიოგრაფიული წიგნიდან
  • დევიდ ბექჰემს უნიკალური ქარიზმა ჰქონდა
  • ინგლისის მთავარი პრობლემა მეკარე და პენალტები იყო
  • რომან აბრამოვიჩმა ჩელსი ერიქსონის რჩევით იყიდა

სვენ-გორან ერიქსონის ავტობიოგრაფიულ წიგნში რამდენიმე თავი მის ინგლისურ კარიერას ეძღვნება. ერიქსონი წლების მანძილზე ინგლისის ნაკრებს წვრთნიდა. პოპსპორტმა რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი ამოიღო, რომელშიც ერიქსონი დევიდ ბექჰემის შესახებ ყვება, წერს, თუ როგორ შეუწყო ხელი რომან აბრამოვიჩს ჩელსის ყიდვის დროს და რა იყო ინგლისის ნაკრების ძირითადი პრობლემები.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სელტა
  • X
  • ბარსელონა

დევიდ ბექჰემი და მისი ქარიზმა

"როდესაც ბექჰემი შენობაში შემოდის, ატმოსფერო იმუხტება. ზუსტად 30 წამში ყველა გონებას კარგავს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე ხდება. ამისთვის მას რამის თქმაც კი არ სჭირდება. ბექჰემს ფენომენალური ქარიზმა აქვს. არასოდეს მინახავს მსგავსი რამე სხვა სპორტსმენში.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს საყვარელი ნომერი ჰქონდათ. როცა ავტობუსი ვარჯიშის ან თამაშის შემდეგ ჩერდებოდა და იქ 5 ათასი ფანი გველოდებოდა, ბექჰემს ეუბნებოდნენ: "დევიდ, შენ პირველი ჩადიხარ". მის შემდეგ ლემპარდი, ჯერარდი, ოუენი და სხვები წყნარად ჩადიოდნენ, ზედმეტი ყურადღების გარეშე. დევიდი მხოლოდ მაფრთხილებდა: "ბოს, შეიძლება ლანჩზე დამაგვიანდეს". ის ავტოგრაფზე უარს არავის ეუბნებოდა.

დევიდ ბექჰემი გულშემატკივრის გარემოცვაში

გარდა ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანია. მას უარის თქმა არ შეუძლია. ერთხელ, როდესაც უკვე ლესტერში ვმუშაობდი, ერთ წვეულებაზე გადავიკვეთეთ. ის ვიქტორიასთან ერთად იყო. ამ დროს უკვე ამერიკაში თამაშობდა. ამბობდნენ იმასაც, რომ მალე კარიერას დაამთავრებდა.

ვეუბნები: "ჩამოდი ლესტერში, კარიერას აქ დაასრულებ". მიპასუხა: "შეიძლება, ვნახოთ". ეს მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ "არას" თქმა არ შეუძლია. ის ამისთვის ზედმეტად კეთილია. ცოტა ხანში ჩემთან ვიქტორია მოვიდა და მითხრა: "სვენ, საერთოდ წარმოგიდგენია, რომ მე ლესტერში ვიცხოვრებ?!"

ინგლისი და პენალტები

ინგლისის ნაკრებში ჩემი მთავარი იმედგაცრუება პენალტები იყო. რამის შეცვლა რომ შემეძლოს, 2006 წლის მუნდიალზე მწვრთნელ-ფსიქოლოგის წავიყვანდი, რომელიც პენალტების სერიისთვის იმუშავებდა. ეს არის ჩემი მთავარი შეცდომა. მე ასეთი ლოგიკა მქონდა - ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც თავის გუნდებში ყველაფერი ნახეს. მეგონა, რომ ისინი ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ რეალობაში პენალტებისთვის არცთუ ისე კარგად ვიყავით მზად.

2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემთხვევაც იყო. ფეხბურთელებს ვარჯიშის ბოლოს ვეუბნები: "ყველა, ვისაც დარტყმა გინდათ, დარჩით, დანარჩენებს წასვლა შეგიძლიათ". პოლ სქოულზი წავიდა.

მაშინვე ვკითხე: "პოლ, რა პრობლემაა? რატომ მიდიხარ?"

ბოს, სერიოზულად ფიქრობთ, რომ 90 წუთის და კიდევ დამატებითი დროის შემდეგ, ისევ მოედანზე ვიქნები?!

- არა, არ მგონია.

სქოულზი მართალი იყო. მას ასთმა ჰქონდა. ამდენის თამაში არ შეეძლო. 1 საათის შემდეგ ის ჩვეულ რიტმში ვეღარ თამაშობდა და ჩვეულებრივ, თვითონ ითხოვდა ხოლმე ცვლილებას. ძალიან საწყენია, რადგან სქოულზი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ინგლისის ნაკრებთან ერთად მან დიდ ტურნირზე მთელი ძალით თამაში ერთხელაც ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ ვათამაშებდი მას მარცხენა ფლანგზე და ცენტრს ჯერარდს და ლემპარდს ვუტოვებდი.

ერიქსონის ინგლისმა ზედიზედ ორჯერ პორტუგალიასთან პენალტებში წააგო

პენალტების შესრულების გარდა, ინგლისის ნაკრების "ოქროს თაობისთვის" პრობლემური ორი პოზიცია იყო.

მაგალითად, ჩემს ნაკრებში მისვლამდე ინგლისი ბრწყინვალე მეკარეებით ცნობილი იყო. მე კარგი მეკარეები მყავდა, მაგრამ ვერცერთზე ვერ იტყოდი, რომ მსოფლიო კლასის გოლკიპერი იყო. მეკარეები მუდამ იცვლებოდნენ. ჩვენ პოლ რობინსონი, დევიდ ჯეიმსი და დევიდ სიმენი გვყავდა. სიმენი დიდი მეკარე იყო, თუმცა 2002 წლისთვის ის უკვე 35 წელს მიუახლოვდა და დაღმასვლა დაეწყო.

მეორე ასეთი პოზიცია შეტევაში იყო. ოუენი და რუნი თამაშობდნენ, თუმცა მათ შემცვლელად სხვა ფორვარდი არ გვყავდა. იყვნენ სათადარიგო სკამზე კარგი თავდამსხმელები, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად სხვა კლასის სათადარიგო თავდამსხმელი გვჭირდებოდა.

როგორ იყიდა აბრამოვიჩმა ჩელსი?

აბრამოვიჩს რუსეთში შევხვდი. მაშინ მას მოსკოვური გუნდის ყიდვა სურდა. მასთან საუბრის ბოლოს ვურჩიე, რომ მოსკოვის დინამო ეყიდა. მკითხა: "ჩამოხვალ სამუშაოდ", რაზეც ვუპასუხე, რომ არ შემეძლო, რადგან უკვე ინგლისის ნაკრებს ვწვრთნიდი. ზუსტად ორი დღის შემდეგ უკვე ინგლისში დამირეკეს.

- მითხრეს, აბრამოვიჩმა გადაიფიქრა. ახლა ჩელსის ან ტოტენჰემის ყიდვა უნდა. რომელი გუნდი ჯობია?

და რა მიზანს ისახავს?

- პრემიერლიგის მოგებას!

- მაშინ ჩელსი ჯობია. აქ ნახევარი გუნდის შეცვლა მოუწევს და ტოტენჰემში მთელი გუნდი უნდა შეცვალოს.

აბრამოვიჩი და ერიქსონი

კიდევ ორი დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს: "აბრამოვიჩმა ჩელსი უკვე იყიდა, იმუშავებ მწვრთელად?". რამდენიმე ხნის შემდეგ ამ კითხვით კიდევ ერთხელ მომმართეს. პიტერ კენიონმა მითხრა, რომ რანიერის გაშვებას აპირებდნენ. ჩემთვის კონტრაქტიც გამზადებული ჰქონდათ. თუმცა მეორე დღეს ყველა ინგლისური გაზეთი იმას წერდა, რომ ერიქსონი ინგლისს ღალატობდა. ისევ უარის თქმა მომიხდა. გამოვიდა, რომ აბრამოვიჩს უარი სამჯერ ვუთხარი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ესპანიოლი
  • X
  • რეალი

ანჩელოტი და ლიპი

ანჩელოტი ძალიან კარგი ადამიანია. მე მას რომაში ვწვრთნიდი. მისი ოჯახი პარმასთან მდებარე პატარა ადგილიდან არის. მამამისი ფერმერი იყო. როცა ანჩელოტი ფეხბურთს არ თამაშობდა, მაშინ ტრაქტორით დადიოდა. მას კაპიტნის სამკლავური მივეცი.

რომადან რომ მივდიოდი, მისმა მფლობელმა დინო ვიოლამ მითხრა, რომ ანჩელოტის გაყიდვას აპირებდა, რადგან ის, როგორც ფეხბურთელი, უკვე დამთავრდა. მას მუხლები აწუხებდა. დილაობით სიარული უჭირდა ხოლმე, თუმცა, ამის მიუხედავად, არცერთი ვარჯიში არ გაუცდენია. ვიოლას მაშინვე ვუთხარი: "რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ ანჩელოტი არ გაყიდო. ის ამ გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია - ერთგული, შრომისმოყვარე, ჭკვიანი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე არ არის".

მან არ დამიჯერა და ანჩელოტი მილანში გაყიდა. იქ კარლომ 5 წელიწადი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო ისე, რომ თითქმის სულ თამაშობდა. ჩემი აზრით, ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მილანი
  • X
  • რომა

მწვრთნელთა შორის ჩემი მთავარი მეგობარი მარჩელო ლიპია. მას იტალიიდან ვიცნობდი და ჩინეთშიც გადავიკვეთეთ. იტალიაში მეგობრები ვიყავით, ჩინეთში კი პირდაპირი კონკურენტები. ასეთი წესიც გვქონდა: ჩვენი გუნდების თამაშში, ვინც აგებდა, ის შემდეგ საერთო ვახშამის თანხას იხდიდა. მე უფრო ხშირად მიწევდა ხოლმე გადახდა, მას ძალიან ძლიერი გუნდები ყავდა".

კომენტარები

ბოლო ამბები