Thumbnail

გერმანიაში კანონი მთავარია - გიოტცე და დორტმუნდი დამთავრდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარიო გიოტცე დორტმუნდის ბორუსიას განაცხადში ვერც 34-ე ტურში მოხვდება
  • ეს იმას ნიშნავს, რომ 28 წლის შემტევი BVB-ში საერთოდ აღარ ითამაშებს

მარიო გიოტცე საფეხბურთო სამყარომ დორტმუნდის ბორუსიადან გაიცნო და მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნიდან დაბრუნების შემდეგ ძველებურად ვეღარ ათამაშდა, ის მაინც BVB-ს ლეგენდაა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალის გმირი სეზონის ბოლოს ბორუსიადან მიდის, გამოსამშვიდობებელ მატჩს კი ვერ მიიღებს - მარიოს არც ტრავმა აქვს და არც დისკვალიფიკაცია, ბუნდესლიგის 34-ე ტურში კი მაინც არ ითამაშებს, რადგან გერმანიის საფეხბურთო ლიგის ე.წ. ჰიგიენის კონცეფცია გამონაკლისს არ უშვებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჩელსი
  • X
  • სიტი

8 ივნისს მარიო გიოტცემ და მისმა მეუღლე ან-კატრინმა საზოგადოებას ვაჟის შეძენის შესახებ ამცნეს. ბავშვი მანამდე, 3 დღით ადრე დაიბადა. გიოტცემ კლუბს სთხოვა, რომ ინდივიდუალურად ევარჯიშა და ცოლ-შვილთან ყოფნის უფლება მიიღო. იმის გამო, რომ მარიოს კლინიკაში სხვა ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი, ბუნდესლიგაში თამაშის უფლებას მხოლოდ მას მერე მიიღებდა, რაც კორონავირუსზე ორ ტესტს ჩაიტარებდა (ცხადია, ორივე ტესტის შედეგი უარყოფითი უნდა ყოფილიყო). კლინიკაში ყოველი მისვლის შემდეგ, გიოტცეს კანონი ორი ტესტის ჩატარებას ავალდებულებდა. 34-ე ტურისთვის ეს აღარ ესწრება, გერმანიის საფეხბურთო კავშირი კი გამონაკლისს არ უშვებს. შესაბამისად, მარიო გიოტცე დორტმუნდში ვეღარ ითამაშებს.

ბაიერნიდან დაბრუნების შემდეგ გიოტცე ძველებურად ვეღარ თამაშობდა

BVB-ში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ გიოტცე ჰოფენჰაიმთან მატჩის განაცხადში არ იქნება. ამ თამაშით გერმანიაში სეზონი მთავრდება, რის შემდეგაც გიოტცე ბორუსიას უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ბოლო 4 წელიწადში, ანუ მას შემდეგ, რაც ბაიერნიდან ისევ დორტმუნდში დაბრუნდა, მარიო გიოტცემ ბორუსიას 136 შესაძლო მატჩიდან ბუნდესლიგაში მხოლოდ 75-ში მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ 13 გოლი გაიტანა და სულ რაღაც 12 საგოლე პასი გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი შემტევი ნახევარმცველი. ბოლო ცნობების თანახმად, მისი გადაბირება ყველაზე მეტად მადრიდის ატლეტიკოსა და მილანის ინტერში სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები