Thumbnail
  • 'ის დღე, როდესაც ეროვნულ ნაკრებში პირველად გამომიძახეს, არასოდეს დამავიწყდება'
  • 'თუკი ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად გვყავს, ნებისმიერთან მოგება შეგვიძლია'
  • 'საქართველოს ნაკრების პრობლემა ყოველთვის მოკლე სათადარიგოთა სკამი იყო'
  • 'ევრობასკეტის მატჩების მასპინძლობა დიდი უპირატესობაა და ეს, უნდა გამოვიყენოთ'
  • თორნიკე შენგელიამ ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა

ფიბა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური ბასკონიას ლიდერ თორნიკე შენგელიას. 28 წლის ქართველი ფორვარდი ამჟამად ვალენსიაში იმყოფება და ბასკურ კლუბთან ერთად ლიგა ენდესას მოსაგებად იბრძვის, თუმცა, პუბლიკაცია სრულად სანაკრებო ბატალიებს მიეძღვნა. ის კალათბურთის ქართველ ქომაგს უდავოდ დააინტერესებს.

“ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც ქვეყნის ეროვნული ჰიმნი მესმოდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა და ახლაც ასეა. ჩემი ოცნება იყო, რომ იმ დროს მოედანზე ვყოფილიყავი და საქართველოსთვის მეთამაშა. ახლა, ეს ოცნება ახდა და სიტყვების მოძიებაც კი მიჭირს იმის ასასხნელად, ნაკრების მაისურით რას ვგრძნობ ხოლმე”.

ეს სიტყვები თორნიკე შენგელიას ეკუთვნის, რომელიც თითქმის 10 წელია საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას იცავს და სამ ევრობასკეტზე თამაში მოასწრო, ამასთან, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია. მისთვის ნაკრებში თამაში გამორჩეული ამბავია, ამდენად, იმის გაგება, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებდა, გამორჩეულად სასიხარულო იყო.

“ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ყველა აღაფრთოვანა. ცხადია, პირადად მეც ძალიან გახარებული ვიყავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის და სხვა კალათბურთელებისთვის, არამედ - ყველა ქართველისთვის”.

აღნიშნული ეხებათ იმ ახალგაზრდა კალათბურთელებსაც, რომლებიც ახლა შენგელიას აკვირდებიან და სურთ, მისი მსგავსი კარიერა ჰქონდეთ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე.

“ეს, ჩემთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა, რადგანაც თავად ვიყავი მათ მდგომარეობაში”.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა დიდი პრივილეგიაა და ეს, გასულმა ტურნირებმაც დაადასტურა, როდესაც ერთბაშად 8 ქვეყანას დიდი ზეიმი ეწვია. კალათბურთის ქომაგები დარბაზებს ავსებდნენ, კიდევ უფრო ბევრი მათგანი კი თამაშების ტრანსლაციას უყურებდა. ცხადია, გამორჩეულად მოტივირებულნი იყვნენ ის კალათბურთელები, რომელთაც თამაში მშობლიური პუბლიკის წინაშე უწევდათ.

'საქართველოს ნაკრებში გუნდური სული სრულად შევიგრძენი'

“ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის, ეს, ნამდვილი საჩუქარია. მათ საშუალება ეძლევათ მშობლიურ ქალაში უმაღლესი კლასის მატჩებს დაესწრონ და ბევრი რამ ისწავლონ”.

გასაკვირი არაა, რომ ბოლო ევროპის ჩემპიონატებმა საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციას კიდევ უფო მეტად შეუწყო ხელი. ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს ითამაშეს, როდესაც ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზარდა.

“საქართველოში კალათბურთისადმი ყოველთვის დიდი ინტერესი იყო. ბოლო პერიოდში, ეს, განსაკუთრებით ზაფხულში იგრძნობოდა, როდესაც სანაკრებო მატჩები გვქონდა. ახლა, ევრობასკეტის პირველი საკვალიფიკაციო შეხვედრების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ინტერესია. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ქვეყანაში კალათბურთი პირველი ნომერი სპორტია, თუმცა, მოწინავეებში ნამდვილად არის. სულ უფრო მეტ ახალგაზრდას სურს, რომ კალათბურთით დაკავდეს”.

შენგელიას თქმით, მის კარიერის საუკეთესო მომენტები სწორედ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება.

“არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახების შესახებ შევიტყვე. ძალიან აღელვებული ვიყავი. ეს, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო. საოცრად მოტივირებული გახლდით. მინდოდა, გუნდური სული სრულად შემეგრძნო და ბოლო წამებამდე მებრძოლა. ეს, შეგრძნება დღემდე მახსოვს”.

თორნიკეს არც ის თანაგუნდელები ავიწყდება, რომლებთან ერთადაც მოედანზე არაერთი ბრძოლა გადაიტანა.

“ჩვენ არაერთი ჩინებული კალათბურთელი გვყავდა: ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. სწორედ მათთან ერთად შევიგრძენი სანაკრებო სული. მათ შემხედვარე გავიგე, რას ნიშნავდა ნამდვილი გუნდური თამაში”.

ევრობასკეტი 2017: თორნიკე შენგელია ლიტვასთან მატჩში

თორნიკესთვის სადებიუტო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო, 2013 წლის ტურნირი მან ტრავმის გამო გამოტოვა, 2015-სა და 2017-ში კი ისევ საქმეში იყო. ალბათ, შემადგენლობის სიღრმის ნაკლებობა იყო ის, რამაც საქართველოს ნაკრებს სასურველი შედეგების დაფიქსირების საშუალება არ მისცა.

“ევრობასკეტი იმ ტურნირთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მოკლე დროში ბევრი თამაშის ჩატარება გიწევს, ამდენად, სოლიდური სათადარიგოთა სკამის ყოლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აი, საქართველოს ნაკრებს კი ძირითადად 7-8 კალათბურთელით უწევდა თამაში და სხვებს შანსი იშვიათად ეძლეოდათ. როდესაც მოედანზე ბევრ წუთი ყოფნა გიწევს, ყოველი მომდევნო მატჩი უფრო მძიმე ჩასატარებელია. ამის გამო, არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ, თუმცა, მოგებებიც საკმაოდ გვქონდა. ბოლო ევრობასკეტზე, თელ ავივში, ჯერ ლიტვას ვძლიეთ, შემდეგ კი, მასპინძელ ისრაელს”.

საქართველოს ნაკრებისთვის გამორჩეულ მატჩებზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2015 წელს საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩატარებული მერვედფინალური შეხვედრა, როდესაც იონას მაჩიულისამ საოცრებები აკეთა. რომ არა მისი 34 ქულა, ქართველები ლიტვას აუცილებლად დაამარცხებდნენ, ასე კი, 81:85 წააგეს.

2017 წელს ქართველ კალათბურთელებს პლეი-ოფში გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. გადამწყვეტი იტალიასთან მარცხი აღმოჩნდა – 69:71.

“თუკი იტალიისა და საქართველოს იმ ნაკრებებს შევადარებთ, სათადარიგო მოთამაშეებში სოლიდური სხვაობა გამოჩნდებოდა. მეტოქის წარმატება სწორედ ამან განაპირობა”.

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს უკვე არაერთხელ აქვს დამტკიცებული, რომ ევროპულ ტურნირებზე, ფაქტობრივად, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება ძალუძს.

'გასულ წლებში არაერთი ძლიერი ნაკრებისთვის მოგვიგია და იმედია, ამას მომავალშიც მოვახერხებთ'

“თუკი ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად და სასურველ ფორმაში გვყავს, ყველასთან მოგება შეგვიძლია. არ მინდა მიკერძოებაში ჩამითვალოთ, მართლა ასე ვფიქრობ. გასულ წლებში ეს არაერთხელ ვაჩვენეთ და იმედი მაქვს, მომავალშიც მოვახერხებთ”.

მომავალი ევრობასკეტი პირველი იქნება, როდესაც საქართველოს ნაკრებს უკვე მშობლიური კედლების მხარდაჭერაც ექნება.

“ერთგული ქომაგის თვალწინ თამაში ყოველთვის განსაკუთრებული რამაა. თუკი ჩვენი მატჩების ისტორიას გადახედავთ, იოლად დარწმუნდებით, რომ შინ გაცილებით უკეთესი შედეგები გვაქვს, ამდენად, ეს უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ”.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ ჩემპიონატებზე საქართველოს ცუდი გუნდები ნამდვილად არ ჰყოლია, ცხადია, მიზანი ისაა, რომ მომავალში ნაკრები კიდევ უფრო უკეთესი გახდეს.

“ის ბირთვი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიკრა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა, მჯერა, რომ ახალი თაობაც კარგად მოდის და არაერთი ნიჭიერი ბიჭი დაგვემატება. მათ გუნდური სულის ბოლომდე გასათავისებლად გარკვეული პერიოდი კი დასჭირდებათ, თუმცა, დროსთან ერთად, ყველაფერი მოვა”.

კომენტარები

ბოლო ამბები