Thumbnail

'რონალდოს სიმწვავე აკლია' - მაურიციო სარი ნაპოლისთან წაგებულ ფინალზე

ტურინის იუვენტუსმა იტალიის თასის ფინალი ნაპოლისთან,  უგოლოდ დასრულებული ძირითადი სათამაშო დროს შემდეგ, პენალტების სერიაში დათმო - 2:4. მაურიციო სარიმ, რომელიც ტურინული გუნდის მთავარ მწვრთნელად სეზონის დასაწყისში დაინიშნა, იუვენტუსთან ერთად ტიტულის მოგების შანსი ხელიდან ისევ გაუშვა.

61 წლის სპეციალისტმა რომის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარებული თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა:

"ეს იმედგაცრუებაა კლუბისთვის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ამჟამად უფრო მეტის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან სისწრაფე არ გვყოფნის. გვაკლდა რამდენიმე მოთამაშე და იძულებული ვიყავით, განსხვავებული არჩევანი გაგვეკეთებინა, რადგან ფიზიკური მომზადების დონე ოპტიმალური არ გვაქვს.

ბურთი კარგად გვეჭირა, მაგრამ სიმწვავე გვაკლდა, რათა სახიფათო მომენტები შეგვექმნა. არ ვფიქრობ, თითქოს მიზანსწრაფულობა გვაკლდა, რადგან მთლიანად კონცენტრირებული ვიყავით 90 წუთის განმავლობაში”, - აღნიშნა სარიმ.

ტურინელთა თავკაცმა კრიშტიანო რონალდოს ფორმაზეც ისაუბრა, რომელმაც კარიერაში პირველად, ზედიზედ მეორე ფინალი დათმო. მანამდე იუვენტუსმა იტალიის სუპერთასზე, ლაციოსთან წააგო (1:3).  

"რონალდო? ის ისეთივე ფორმაშია, როგორშიც სხვები - პაულო დიბალა და დუგლას კოშტა. მას სიმწვავე აკლია იმისთვის, რათა გააკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.

თამაშის შემდეგ ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს. გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ და ამიტომ, აჯობებს, ჩუმად ვიყო. ხვალ დავილაპარაკებთ", - ამბობს იუვეს მწვრთნელი.

რონალდომ თასს გვერდით ჩაუარა

 

კომენტარები

ბოლო ამბები