Thumbnail
  • 2017 წლის 5 სექტემბერს თელ ავივში გამართული თამაში ქართველებმა 104:91 მოიგეს
  • საქართველოს ნაკრებმა იმ ევრობასკეტზე მერვედფინალში გასვლა ვერ მოახერხა

ფიბა-მ ქომაგებს საქართველოსა და ისრაელის მატჩი გაახსენა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ეგიდით შედგა და ილიას ზუროსის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციას ფეისბუქ-გვერდზე კლასიკური თამაშების რუბრიკა აქვს და ჩვენთვის საინტერესო შეხვედრაც სწორედ ამ კუთხით გამოარჩია. ”დრამა ოვერტაიმში” – ასე გამოეხმაურა ფიბა 5 სექტემბერს თელ ავივის "მენორა მივტახიმ არენაზე" გამართულ მატჩს, რომელიც ქართველმა კალათბურთელებმა 104:91 მოიგეს.

იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა არაერთმა მოთამაშემ მოახერხა. საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო 25 ქულითა და 19 მოხსნით, ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამაც (19 ქულა, 11 მოხსნა), მაიკლ დიქსონმა 18 ქულას 8 პასი წაამატა, დუდა სანაძემ 17 ქულა ჩააგდო, მანუჩარ მარკოიშვილმა – 11, ხოლო გიორგი შერმადინმა – 9.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა ისრაელის გარდა ლიტვასაც სძლია (79:77), თუმცა, გერმანიასთან (57:67), უკრაინასთანა (81:88) და იტალიასთან (69:71) დამარცხდა და ვინაიდან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა, შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. ზუროსის გუნდი იმ ჩემპიონატზე ერთადერთი იყო, ვინც ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი მოიგო და მერვედფინალს მიღმა დარჩა. საბოლოოდ, საქართველომ მე-17 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები